„ჩვენ ვართ 116 სუფთა წარსულის ხალხი,რომელიც მოვდივართ და არ შეგარჩენთ არც ერთ არგუმენტს, რომელიც სიყალბეზე იქნება დაფუძნებული", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.
როგორც ილია წულაიამ აღნიშნა, სამთავრობო პროგრამა არის ძალიან ამბიციური, ძალიან ბევრი თანხა იხარჯება სხვადასხვა მიმართულებით. მისივე თქმით, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ინფრასტრუქტურა და მომდევნო 4 წლის განმავლობაში 15 მილიარდი ლარის ინვესტირება არის განსაზღვრული ამ მიმართულებით.
„ჩემი პოლიტიკაში ჩართვის და ჩემი აქ ყოფნის, როგორც პარლამენტის წევრის, ერთადერთი მიზანი იყო, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს და მხარი დავუჭირო ამ პროგრამას. მე მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ შეიძლება არ უგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს, ხელისუფლებას, მთავრობას, მაგრამ უგულშემატკივროთ ამ პროგრამას, საქართველოს. ამხელა თანხის ინფრასტრუქტურაში ჩადება და ამ პროგრამის განხორციელება არის ქვეყნის წარმატება. 50 000 ადამიანის დასაქმება მხოლოდ ამ სფეროში. 150 000 ადამიანის დასაქმება კიდევ სხვა სფეროებში - არის ქვეყნის წარმატება. ამიტომ თქვენ მინდა მჯეროდეს, რომ ამას მაინც უგულშემატკივრებთ და იმ ყალბი არგუმენტებით, რაც გუშინ იყო წარმოდგენილი ბევრი თქვენიგანის მიერ, გამოვყოფდი ბატონი კანდელაკის და კახიძის არგუმენტებს, რომელიც შეურაცხყოფაშიც კი გადადიოდა. რა თქმა უნდა, არის უსუსური. ჩვენ ვართ 116 სუფთა წარსულის ხალხი, რომელიც მოვდივართ და არ შეგარჩენთ არც ერთ არგუმენტს, რომელიც სიყალბეზე იქნება დაფუძნებული, ყველას გავშიფრავთ და თქვენ აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როგორც აღმოჩნდით გუშინ და ქართველ ამომრჩეველზე ამით მანიპულირებას ვერ მოახდენთ. თქვენი საბოლოო სახე იქნება ეს - სასოწარკვეთილი და მე არ მინდა, რომ ჩვენი ოპონენტები ასეთი სახით იყვნენ პარლამენტში", - განაცხადა ილია წულაიამ და დეპუტატებს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ოთარ კახიძის ფოტო აჩვენა.