ავტორი ალა გრიგალაშვილი
გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებას საქართველოსთვის საფთხის შემცველს უწოდებს არჩილ ჭყოიძე. როგორც „ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პროცესმა შემდგომში შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სხვა ტერიტორიების ოკუპაციაც.
„რამდენიმე დღის წინ, გარკვეულმა დაჯგუფებამ მოითხოვა სამეგრელოს ავტონომიად გამოცხადება და გასვლა საქართველოს შემადგენლობიდან. ამას სიცილ-კისკისი მოჰყვა ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან - სულელები არიანო. არ შეიძლება ამ საკითხისადმი ასეთი არასერიოზული მიდგომა, ვინაიდან საქართველოს მტრებმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენონ ასეთი ტიპის განცხადებები...
როცა გალი ცხადდება სამხედო ქალაქად და რუსეთს იქ შეჰყავს 1500 ჯარისკაცი, ქართული თოქ-შოუები იმაზე ლაპარაკობენ, ქუთაისელი მირანდა ვინ დააორსულა: ქმარმა, საყვარელმა თუ მეზობელმა. ეს უნდა იყოს საინტერესო? თუ ის, რომ ამ დიდ პრობლემაზე ფართო სატელევიზიო დისკუსიები გავმართოთ და ვიმსჯელოთ?
ეს აინტერესებს ქართველ საზოგადოებას, მირანდა ვისაგან ელოდება ბავშვს, თუ ის, რომ გალი ცხადდება სამხედრო ქალაქად? ან ის, პანკისის რომელიღაც სოფელში წინადაცვეთა ხდება თუ არა? ეს არის პრიორიტეტი? ამიტომ ასეთ მძიმე პირობებში, ჯობს, ჩვენ ვისაუბროთ აფხაზეთზე, სამაჩაბლოზე, დაკარგულ ტერიტორიებზე და არა იმაზე, ვინ ვის აფეხმძიმებს", - განაცხადა ჭყოიძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლება გააქტიურდეს.
„პრემიერ-მინისტრი უნდა ჩასულიყო რუსეთში და უნდა დაეყენებინა საკითხი აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან და საერთოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით... ამ თემებზე არავინ ლაპარაკობს, ამიტომ უფრო და უფრო შევდივართ ჩიხში..." - განაცხადა ჭყოიძემ.