ავტორი ალა გრიგალაშვილი
„სააკაშვილმა ბრძოლის ველზე მიატოვა „ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ „რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, წონა დაკარგა, მათ შორის მისივე პარტიაში, „ნაციონალურ მოძრაობაში."
„7 ოქტომბერს შედგა პოროშენკოს ვიზიტი ოდესაში, სადაც მან სააკაშვილს შესთავაზა მართვადი, მარიონეტი ოპოზიციონერის როლი, რაც გულისხმობს მისთვის დიდი გასამრჯელოს მიცემას. სააკაშვილმა უმალ განაცხადა, რომ ის არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას არჩევნების ნებისმიერი შედეგების მიუხედავად. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ ის გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას", მიატოვა ბრძოლის ველზე. ეს კარგად ესმით „ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც არის დაჯგუფებები, რომლებსაც სურთ, გააგდონ სააკაშვილი ამ პარტიიდან, კერძოდ, ბოკერიას ჯგუფი, რომელსაც სააკაშვილი მიაჩნია ზედმეტ ბალასტად. რამდენიმე ხანში ის დაკარგავს საკუთარ ტელევიზიასაც „რუსთავი 2"-ის სახით, რომელიც დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს. ასეთ ვითარებაში მითუმეტეს, სააკაშვილი აღარ არის მნიშვნელოვანი ფიგურა საკუთარი პარტიისთვისაც კი. ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას" რაც შეეხება, მისი ნაწილები იარსებებს, ხოლო 2020 წლიდან ისინი გაქრებიან პოლიტიკური ორბიტიდან, როგორც ორგანიზებული პოლიტიკური ძალა", - განაცხადა გოგავამ.