ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ქართული ლარი 50 %-ით დოლართან მიმართებაში როგორც გაუფასურდა, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხუციშვილი გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის მიერ გაკეთებული განცხადებას, რომლის თანახმად, „ადამიანები, რომელთაც სესხი არ აქვთ, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას".
ზაზა ხუციშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანული მანათისა და თურქული ლირას მაგალითზე, წლების მიხედვით, გრაფიკული გამოსახულებით, აღნიშნული ვალუტების მდგომარეობა წარადგინა. მისი განმარტებით, 2014 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეს 100 დოლარის შესაძენად 80 მანათი სჭირდებოდა, დღეს კი, 174 მანათი სჭირდება. თუმცა დეპუტატმა იქვე დასძინა, რომ ეს საქართველოს მოქალაქისთვის შეღავათი არ არის.
„ლარი ჩემი ერთ-ერთი ინტერვიუს თემა იყო, რომლის გამო, საშინელი კრიტიკის ქარცეცხლი დამატყდა. აღარ ვითვლი იმ შეურაცხყოფას, რომელიც იყო, მაგრამ რადგან პოლიტიკაში წავედი, უკვე თმენის ვალდებულება მაქვს და აუცილებლად მოვითმენ ყველაფერს. თუ ჩვენ შევხედავთ იმ პროდუქტებს, რომელსაც საქართველო აწარმოებს, ეს არის ქართული ხორცი, ქართული კვერცხი, ქართული კარაქი, პური და ა.შ. თუკი ესენი დოლარის კურსს მიჰყვებოდა, მაშინ დღეს ხორცი უნდა ღირდეს 18 ლარი, ყველი უნდა ღირდეს 18 ლარი, ანუ, 50%-იანი რომ ყოფილიყო ფასების ზრდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა ყველას მდგომარეობა. ალბათ, ბატონმა სოზარმა ის იგულისხმა, რასაც მე ვადასტურებ, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულა. პროდუქტების მეორე ნაწილი, რომლის შესაქმნელად გარკვეული ნედლეული შემოდის იმპორტზე, რა თქმა უნდა, გაძვირდა, მაგალითად შაქარი, ასეთი კიდევ ბევრი პროდუქტია. კიდევ ერთხელ რომ ავხსნა გასაგებად, მე მგონი, ისედაც ნათელია, 50 %-ით როგორც გაუფასურდა ქართული ლარი დოლართან მიმართებაში, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა. ის პროდუქტი, რომელიც იმპორტზე შემოდის, გაძვირდა", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ამ პროცესმა ძალიან დააზარალა ის ადამიანები, ვისაც სესხი აქვს დოლარში და ასევე ძალიან დააზარალა ადამიანები, ვისაც ბიზნესი აქვს აგებული იმპორტზე.
„ეს სექტორი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რაც მე ვთქვი და რაც ბატონმა სოზარმა თქვა, ჩვენ თუ კონტექსტიდან ამოვგლიჯეთ და მარტო ის მოგასმენინეთ, შეიძლება ჩათვალოთ, რომ შექმნილი სიტუაციით ბედნიერი ვართ და ვერ ვხედავთ ამ პრობლემებს, ის ამის საპირწონე არ არის. ადამიანებს არავითარი შეღავათი არ აქვთ იმით, რაც ხდება თურქეთში და აზერბაიჯანში, მაგრამ მერწმუნეთ, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს მთავრობა მოცემულ მომენტში ადეკვატურად იქცევა", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა, „რეპორტიორის" პრესკლუბში.