ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ოკუპაციის შესახებ" კანონის გადახედვა უნდა მოხდეს აუცილებლად, მაგრამ მისი გაუქმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება", - ამის შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე მამუკა არეშიძემ განაცხადა.
ექსპერტი 3 მთავარ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ უნდა არსებობდეს „ოკუპაციის შესახებ" კანონი.
„ეს კანონი არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომელითაც ჩვენ, პირველი: ვიპყრობთ მსოფლიო ყურადღებას, იმიტომ, რომ ასეთი კანონი არსად არ არსებობს. მეორე: ვუქმნით დისკომფორტს ოკუპანტს - რუსეთს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში. მესამე: რაც არ აწყობს რუსეთს, ის გვაწყობს ჩვენ, იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიაა ოკუპირებული. ამიტომ ეს კანონი უნდა არსებობდეს", - განაცხადა არეშიძემ.
თუმცა მისი თქმით, კანონი გადახედვას საჭიროებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის მძიმე და უხეშია.
„ეს კანონი იყო სწორი და აქტუალური, როდესაც ის შეიქმნა. დღეს კი მსოფლიოში შეიცვალა ვითარება, ამიტომ ვთვლი, რომ კანონი უნდა იყოს უფრო მოქნილი და უფრო ლიბერალური. მაგალითად, იმ ნაწილში, რომელიც ეხება ვიზიტორებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ამაზე პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება და როგორც ჩანს, ეს ცვლილებები განხორციელდება კიდეც. ამასთან, საჭიროა, სხვა ცვლილებებიც შევიდეს, იგივე, ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებსაც შეზღუდული აქვთ გარკვეული ეკონომიკური აქტივობები. მაგალითად, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ქართველმა აფხაზეთში მოინდომა ეკონომიკური აქტივობა, ეს მისთვისაც კი შეზღუდულია. არის სხვა მუხლებიც ამ კანონში, რომელიც ჰუმანიტარულ აქტივობასაც კი ზღუდავს. ამიტომ ეს კანონი გადასახედია და საჭიროებს ცვლილებებს", - განაცხადა არეშიძემ.