ავტორი ალა გრიგალაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" თავმჯდომარე ლალი მოროშკინა მსოფლიოში განვითარებული გლობალური პროცესების ფონზე საქართველოს პოზიციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველომ საკუთარ პოლიტიკას უნდა გადახედოს.
„ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ უნდა დავიწყოთ ძალიან გლობალური აზროვნება, რომელიც, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში დაგვეკარგა. საპარლამენტო არჩევნებმაც მნიშვნელოვნად აზარალა ის პროცესები, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო ჩართული ძალიან მნიშვნელოვნად. ეს გასაგებიცაა - როდესაც ქვეყანა არის არჩევნების მოლოდინში, ძალიან რთულია კონცენტრირება სხვა თემებზე, მაგრამ ამასობაში, მსოფლიომ შეცვალა ვექტორი. მოხდა სხვაგვარი გადალაგება მსოფლიო ძალების და ჩვენ კვლავ არ გვაქვს ორიენტირი აღებული და საერთოდ, ჩვენს როლს ვერ ვხედავთ ამ პროცესებში.
ძალიან მოკლედ რომ მიმოვიხილოთ, რა მოხდა: ჩვენ გვახსოვს ინგლისელების დემარში, ჩვენ გვახსოვს თურქეთში გადატრიალების მცდელობა, გვახსოვს ერდოღანის ბოდიში პუტინთან მიმართებაში, გვახსოვს ევროპა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ბევრ ფაქტორს აშშ-სთან მიმართებაში... ჩვენ მივიღეთ ამერიკაში არჩევნები, რომლის შედეგები აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა მსოფლიოს ვითომ ძალიან ლიბერალური ნაწილისთვის. ჩვენ ვიცით, რა თქვა ტრამპმა, რომელიც აღიარებს ყირიმს, როგორც რუსეთის შემადგენელ ნაწილს. და დღესდღეისობით გვაქვს საფრანგეთი, რომელმაც საბოლოოდ საარჩევნოდ გაიყვანა 2 კანდიდატი - ორივე პრორუსი. ასე გადალაგდა მსოფლიო, ჩვენ კი ვართ გაურკვეველ ვითარებაში. გალი მალე სამხედრო ქალაქი გახდება, გალთან არის ენგური, ენგურთან - ზუგდიდი... იმის მაგივრად, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავიწყოთ რუსეთთან მოლაპარაკება, ჩვენ საერთოდ არ გვაქვს რეაქცია არაფერზე.
ამ პროცესში ყველაზე ბრძენი პატრიარქი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვში ჩავიდა რუსეთის პატრიარქთან, ის ასევე შეხვდა ქვეყნის უმაღლეს პირებს და მე ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრა მომიწია. პატრიარქი საკმაოდ დიდხანს შეყოვნდა მოსკოვში. მისი ვიზტი ის ძირითადი მესიჯია, რომელიც საქართველომ უნდა გაიგოს. აუცილებელია, საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკება დაიწყოს", - განაცხადა მოროშკინამ.