პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ზღაპრების „რწყილი და ჭიანჭველას" და „კომბლეს" ახალ ვერსიას აქვეყნებს:
„კომბლე" იქნება, „ნაცარქექია" თუ „რწყილიდა ჭიანჭველა" განვითარება აუცილებელია" - განაცხადა განათლების მინისტრმა... და აი... - ახალი „რწყილი და ჭიანჭველა":
რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ და გაუდგნენ გზას...
მოვლენები აქაც ისევე ვითარდება, როგორც ძველ ზღაპარში, ოღონდ, როცა წყალში ჩავარდნილი ჭიანჭველა, ძმობილს შესთხოვს, გადამარჩინეო, ახლებური გაგრძელება იწყება.
ჭიანჭველა იხრჩობა, ყვირის, ეხვეწება მეგობარს, თოკი გადმომიგდე, გადამარჩინეო, რაზეც რწყილი პასუხობს:
- სიამოვნებით გადაგარჩენდი, მაგრამ თუ ამისთვის საჭიროა, რომ კორუფციული სქემაში ჩავერთო და დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდე ღორთან, მუხასთან, თაგვთან და ასე შემდეგ, ეს ეწინააღმდეგება ჩემს მსოფლმხედველობას. გარდა ამისა, ამით ძალიან ცუდ მაგალითს მივცემ მომავალ თაობას, რომლებსაც მშობლები წაუკითხავენ ჩვენს შესახებ შექმნილ ზღაპარს.
რწყილმა კიდევ რამდენიმე ისეთი წონიანი და დამაჯერებელი არგუმენტი მოიშველია, რომ დარცხვენილი ჭიანჭველა იქით შეეხვეწა, არ გადამარჩინო, გაუშვი დავიხრჩოო.
დაემშვიდობა რწყილი მეგობარს და გზა განაგრძო.
იქვე წამოწოლილმა ღორმა თავის გოჭებს დაუძახა და უთხრა, შეხედეთ შვილებო, ამ უარყოფით პერსონაჟს, ჩემთვის ჯაგრის თხოვნა დაეზარა და მეგობარი დასახრჩობად გაწირაო. რა კორუფცია, რის კორუფცია, ჰა, ჰა, ერთი მუჭა რკო მომეთხოვა სანაცვლოდო. თუ ესეც არ ჰქონდა, ეთხოვა კაცურად და ისე მივცემდიო. ამის შემდეგ ღორმა გამოიძრო ჯაგარი, დაგრიხა თოკი-ბაწარი, ჩაუგდო ჭიანჭველას და ამოიყვანა.
ყველა ბედნიერი იყო, მხოლოდ რწყილი იგინებოდა, შეეშვით, რა ბლიად, ამ ზღაპრების გადაკეთებასო.
ჭირი იქა, ფქვილი აქაა.
***
„მე ვოცნებობ ახალ კომბლეზე, რომელსაც ზღაპრის დასაწყისში 200 ცხვარი ყავს.."-განაცხადა განათლების მინისტრმა. ჰო და... - ახალი „კომბლე":
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, რომელსაც ორასი ცხვარი ჰყავდა. ერთხელ მგელმა და მელამ მისთვის ცხვრის მოპარვა და შეჭმა განიზრახეს. კაცმა დაიბარა ორივე და აუხსნა რომ სხვისი ქონების მითვისება ცუდი საქციელი იყო, წასვლისას კი ცხვარი დაუკლა სტუმრებს და გაუმასპინძლდა.
მეორე დღეს, მელამ და მგელმა თითო მეგობარი მოიყვანეს, ამათაც აინტერესებთ ლექციის მოსმენა სხვისი ქონების ხელყოფის დაუშვებლობის შესახებო.
კაცს გაუხარდა, რომ საღი აზრი იმარჯვებდა, გადადო ყველა საქმე და არ დაიზარა ლექციის წაკითხვა, რის შემდეგაც ორი ცხვარი დაუკლა სტუმრებს.
წასვლისას მგლებმა და მელიებმა უთხრეს, ჩვენ ხომ გაგვანათლე და მოგვაქციე სიკეთისკენ, მაგრამ კიდევ გვყავს მეგობრები და ნურც იმათ დაგვიტოვებ სიბნელეშიო.
რა გაეწყობაო, თქვა კაცმა, მეორე დღეს დიდი აუდიტორია მოამზადა და ორმოცი ცხვარი დაკლა. მოვიდნემ მგლები და მელიები, ათი დათვიც მოიყოლეს, აუდიტორიაში ტევა არ იყო. ბოლოს ჩვენს ლექტორს ტაში დაუკრეს და ერთხმად აღნიშნეს, კიდევ კარგი ასეთი ლექტორი მოგვევლინა და მისი ლექციების მოსმენა სავალდებულო უნდა იყოს ტყის ყველა ბინადარისთვისო. შემდეგ ისადილეს და დათქვეს, ხვალ გაცდენა არ გაბედოს არავინო.
გაუხარდა კაცს, ხედავდა რომ მისი კონცეფცია იმარჯვებდა და ტყეში ჰარმონია ისადგურებდა. შემდეგი დღისთვის კიდევ უფრო მაგრად მოემზადა, სათანადო ლიტერატურა დაკონსპექტა და დარჩენილი ცხვრებიც დაკლა, რომ სტუმრებს გამასპინძლდებოდა.
ისეთი ლექცია გამოუვიდა, უკეთესს თვით ფადიშაჰიც ვერ ინატრებდა. ლექციის შემდეგ, ბანკეტზე, თამადა დათვმა ეს ჩვენი კაცი გამოაცხადა ყველა დროის საუკეთესო ლექტორად, წლის მენეჯერად და ტყის მთავარ ჰუმანისტად. სუფრის ბოლოს კი პირადად აიღო ვალდებულება, რომ შემდეგ დღეს მეზობელი ტყის მტაცებლებსაც დაასწრებდა ლექციას.
დილით ჩვენმა ლექტორმა ისეთი მაგარი ლექცია მოამზადა, ისეთი მაგარი, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა, მაგრამ გომურში რომ შეიხედა ელდა ეცა, იქ მხოლოდ სამი ცხვარიღა იყო დარჩენილი.
რა მეშველება, სტუმრებთან თავი მომეჭრებაო, ხმამაღლა დაიჩივლა კაცმა. ამ დროს ერთმა ბებერმა კოჭლმა ცხვარმა ადამიანის ენით დაილაპარაკა და უთხრა, ძმაკაც, აბა ერთი აქეთ მოიწიო! კარგი, ვთქვათ, ჩვენ არ გენაღვლებით, არ გენაღვლებით, მაგრამ თავს რაღად იმასხარავებ ეს ჯეელი კაცი, ვერ ხედავ, ყველა შენ დაგცინისო?! რომელი დუროვი შენა ხარ, რა მგლებისთვის ლექციების კითხვა აიტეხე, ერთი მაგათი დედებიც და მელიების და დათვებისაც ზედ მიყოლებულიო! აგერ ჩვენ მოგვხედე, ბიძიკო, და შენც გეშველება და ჩვენცო. მოწი ყური, ჯადოსნური სიტყვები უნდა გასწავლოო. კაცს ისე გაუკვირდა მოლაპარაკე ცხვარი, რომ დაუჯერა და მიუწია ყური ცხვარს და იმანაც ჯადოსნური სიტყვები ჩასჩურჩულა.
დილით ლექტორის სახლთან ლექციის მოსასმენად ორი ტყის მტაცებლები მოგროვდნენ, თათებში ყველას ორმოცდარვაფურცლიანი რვეული ეკავა, აქოდა, ლექცია უნდა ჩავიწეროთო. ამ დროს გაიღო კარი და გამოვიდა ლექტორი დიდი კომბლით და მტაცებლებს დაერია, სდრუზა და სდრუზა ვისაც მისწვდა და თანაც მტაცებლურფობიური ლექსიკით გაჯერებული სიძულვილის ენით ამკობდა ტყის ბინადართ. ცოდნასმოწყურებული მგლები და მელიები ისე გარბოდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ.
იმ დღის შემდეგ ლექტორს კომბლე შეარქვეს, მაგრამ ვინაიდან წარსულის შეხსენება ძალიან არ სიამოვნებდა, ამიტომ მის ზღაპარს პირდაპირ შუიდან იწყებენ ხოლმე - იყო ერთი კაცი, რომელსაც სამი ცხვარი ჰყავდა და კომბლე ერქვაო... და რომელსაც მუდამ ახსოვდა ის, რაც ბებერმა კოჭლმა ცხვარმა უჩურჩულა.
ჭირი იქა, ლხინი აქა!",- წერს ხოფერია.