ავტორი ალა გრიგალაშვილი
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემასთან დაკავშირებით, ყოფილი პარლამენტარი გოგლა ჟვანია გამოეხმაურა. მან პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
როგორც ჟვანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ადამიანები დამოკიდებულები არიან დოლარის კურსის ცვლილებაზე, ეს არ არის ნორმალური პროცესი. ჟვანიას თქმით, გერმანიაში ევროს დოლართან მიმართებაში გაუფასურებას არ უმოქმედია გერმანელების ცხოვრების დონეზე.
„გამომდინარე იქიდან, რომ დოლარის გამყარება ხდება მსოფლიოში ყველა ვალუტის მიმართ, მათ შორის ლარის მიმართ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებულია დოლარის კურსის ცვლილებაზე, რაც არ არის ნორმალური პროცესი. ასეთი დამოკიდებულება არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის. მაგალითად, გერმანელები ვერ გრძნობენ იმას, რომ ევრო დოლართან მიმართებაში 30%-ით გაუფასურდა. ეს არანაირად არ აისახებ მათი ცხოვრების დონეზე", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
მისი თქმით, კურსის ცვლილება იმიტომ მოქმედებს საქართველოს მოსახლეობაზე, რომ კრედიტები დოლარში აქვთ, ხოლო შემოსავალი - ლარში.
„ჩვენთან იმიტომ აისახება, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს კრედიტები და ეს კრედიტები არის დოლარებში. ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქდეს ეს ტვირთი, რომლის ზიდვაც უწევთ და აღარ იყვნენ დამოკიდებულები ვალუტის რყევაზე, ადამიანებს, რომლებსაც კრედიტები აქვთ დოლარებში, შემოსავალი აქვთ ლარებში. მნიშვნელოვანწილად არის მათი გადახდისუნარიანობა დამოკიდებული ამ კურსის ცვლილებაზე. მგონია, რომ ეს არის ცალსახად ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი, აგრეთვე ბანკების ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი, რადგან ბანკებსაც არ აწყობთ, რომ მათ ჰყავდეთ დიდი რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც მათგან სესხები აქვთ აღებული და ვეღარ ემსახურებიან ამ სესხებს", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ტვირთი ბანკებზე გადავა, რადგან სახელმწიფო და ეროვნული ბანკი ერთობლივად მუშაობენ. ჟვანიას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტების მიერ გაკეთებული განცხადებები არის ნაკლებად ობიექტური.
„როდესაც პრემიერ-მინისტრმა თავისი ინიციატივის შესახებ განაცხადა, ამას მოჰყვა საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი, ძალიან ბევრი განცხადება გააკეთეს სხვადასხვა ექსპერტებმა. ძალიან გაკვირვებული ვუსმენდი მათ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ხშირად ადამიანები და ექსპერტები, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ ყოველდღიურად, ხშირად, წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ბიზნეს ჯგუფების ინტერესებს. ნაკლებად ხდება ობიექტური მსჯელობა, ისინი გამოდიან იმ ჯგუფების ინტერესებიდან, რომელთა პოზიციასაც ახმოვანებენ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 იანვრიდან მცირე ზომის სესხები, 100 ათას ლარამდე და 2018 წელს 200 ათას ლარამდე გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით.