ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ონლაინ-სესხები თუ ონლაინ-კაზინოები და ზოგადად, ონლაინ-აზარტი, რომელიც დაკავშირებულია ფულის მიმოქცევასთან , უნდა იქნეს მაქსიმალურად შეზღუდული და მაქსიმალურად ამოშანთული", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთა.
„დემოკრატიული მოძრაობის" წევრის თქმით, ხელისუფლებამ ამ ტიპის ორგანიზაციების მიმართ აუცილებლად უნდა დააწესოს კონკრეტული რეგულაციები.
„არიან ბანკები, რომლებიც გვთავაზობენ სესხს და გადახდის დროს ძირი არ აკლდება, ხოლო მომსახურების დროს თვეში საჭირო ხდება 2-ჯერადი გადახდა. ესეც სრულად ეწინააღმდეგება იმ კანონზომიერებას, რომ ადამიანი თვეში ერთხელ იღებს ჯამაგირს. რატომ უნდა უწესებდეს ბანკი თვეში 2-ჯერ სტაბილური გადახდის ვალდებულებას? ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ბანკი კლიენტს აგდებს გამოუვალ ვითარებაში. ადამიანებს უხდებათ 4-5 მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სწრაფი სესხით სარგებლობა ერთდროულად, რომ პირამიდის პრინციპით გადაფაროს ერთი, მეორე, მესამე... " - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ამასთან, პოლიტიკოსი მიესალმება გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, სესხების ლარში გადატანასთან დაკავშირებით. თუმცა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ აქ დისკრიმინაციული მიდგომებია, რაც გულისხმობს მხოლოდ 2015 წლამდე აღებული სესხების დოლარიდან ლარში გადაყვანას.
„რატომ 2015 და არა 2016 წელი, როცა ჰიპერინფლაციური პროცესები წარიმართა? და ვფიქრობ, ამაზე ხელისუფლებამ განმარტება უნდა გააკეთოს. და ხელისუფლება თუ არა, მაშინ სასამართლო ხელისუფლებამ უნდა მოგვცეს ამაზე განმარტება", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.