ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ზუსტად ერთი წლის წინ, ამავე პრესკლუბში ვისაუბრე იმ პროცესებზე, რაც შეიძლება განვითარებულიყო ერთი წლის შემდეგ: მე აღვნიშნე, რომ რუსები გააძლიერებდნენ სამხედრო მზაობას აფხაზეთში და მათ შორის, გალშიც სამხედრო ბაზას შექმნიდნენ", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ვახტანგ მაისაიამ გააკეთა.
სამხედრო ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე რომ ემოქმედა, საქმე აქამდე არ მივიდოდა. მაისაიას თქმით, გარდა სამხედრო საფრთხისა, უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ, რომ რუსები განახორციელებენ აფხაზეთის ექსპანსიას.
„საშიშროება და საფრთხე პირდაპირია. აფხაზეთში იგეგმება 400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსება. არაა გამორიცხული, იქ განთავსდეს ოპერატიულ-ტაქტიკური ტიპის სარაკეტო კომპლექსი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მათ პოტენციალს აფხაზეთში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ და არამარტო. რუსები ცდილობენ, მოახდინონ NATO-ს შეკავება შავი ზღვის აუზში და საპასუხო ქმედებებს ახორციელებენ. ასევე, რუსეთი აფხაზეთში იწყებს ეკონომიკურ ექსპანსიას, რომ შელფურ ზონაში ნავთობის და გაზის მარაგების მოპოვება დაიწყოს", - განაცხადა მაიასაიამ.
მისი თქმით, ერთდაერთი ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობის მოქმედებაა, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ აქტიურად უნდა ჩაერთოს პროცესებში.
„ჩვენ არ ვართ მზად, ვუპასუხოთ ამ სამხედრო მუქარას და გამოწვევას, რომელსაც რუსეთი გვქმნის აფაზეთში. ამასთან ცხინვალში გაძლიერებდება სამხედრო კონტინგენტი, ასევე გაიზრდება სამხედრო დაჯგუფება სამხეთით. საერთო ჯამში, კონცენტრაცია კეთდება 25 000 -იანი დაჯგუფების. ამ რაოდენობაზე მეტი არც შემოსულა საქართველოში აგვისტოს ომის პერიოდში. ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპაცია განხორციელდეს. ჩვენი ერთადერთი ხსნა ალბათ არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს პროცესში", - განაცხადა მაისაიამ.