ავტორი ალა გრიგალაშვილი
პარლამენტის ყოფილი წევრი ვახტანგ ხმალაძე ეჭვობს, რომ „ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას დაეთანხმოს.
ხმალაძის თქმით, ასეთი პროგნოზი მან ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როდესაც მე-8 მოწვევის პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებები იყო ინიცირებული.
„მე მაშინ ვთქვი, რომ კი, ჩვენ მხარს ვუჭერთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და ახლავე პროპორციულზე გადასვლას, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ უჭერს მხარს და შეუძლებელია ახლა ამის გაკეთება, ამიტომ გთხოვთ ყველას, მათაც, ვისაც ახლავე უნდა ამ ცვლილების შეტანა, დავუჭიროთ მხარი თუნდაც მომდევნო არჩევნებიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ვინაიდან ახლა არის უნიკალური შანსი, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი უმრავლესობა თანხმდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ასეთი რამ არასოდეს ყოფილა - ყველა ითხოვდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, სანამ ოპოზიციაში იყვნენ. ამიტომ მაშინ იყო შანსი, ეს გაგვეკეთებინა. სამწუხაროდ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", მიუხედავად მათი სიტყვიერი განცხადებისა, რომ მხარს უჭერდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, არც ერთხელ იმ განხილვის შემდეგ არ შექმნა პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა. ასე რომ, კენჭისყრაზე ეს საკითხი უბრალოდ ვერ დადგა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.