ტურისტული მოსაკრებლისა და ამ სფეროში სხვა ტიპის გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით მის მიერ გაჟღერებულ იდეაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია განცხადებას ავრცელებს.
„მინდა გაცნობოთ, რომ ეს გახლავთ იდეა, რომელიც ადრეულ ეტაპზევე, აიტაცეს ჟურნალისტებმა და ის მოაქციეს ყურადღების ცენტრში, თუმცა, ვიდრე იდეა პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივად გადაიქცევა, მას განხილვა სჭირდება ჯერ გუნდში, შემდეგ დარგის სპეციალისტებთან და ყველა სხვა დაინტერესებულ პირთან ერთად. აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო მეტი ითქვა ადამიანებისგან, რომელთაც არც უკითხავთ ჩემთვის იდეის შინაარსი, რასაც მე ცხადია მომავალშიც მივესალმები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში გაკეთდა განცხადებები, რომელთაც აკლდა ობიექტურობაც და რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობილი არგუმენტირებული კრიტიკაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იდეა და საკითხი ზოგადად კომპლექსურია და საჭიროებს მენეჯერულ მიდგომას და ასეთი საკითხები არ წყდება მყისიერად, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში ამ ტიპის უზარმაზარი გამოცდილება არსებობს.
მესმის ზოგიერთი ჩემი მეგობარი ჩინოვნიკის, რომ ჯერ პოზიცია არ აქვს და ეს სწორია, ვინაიდან საკითხი ჯერ არ განგვიხილავს გუნდში. მიკვირს ზოგიერთი ექსპერტის, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარ კონტექსტში იყენებს სიტყვას „კორუფცია". მიკვირს იმ კარგი ეკონომისტის, რომელიც ასეთი შეუწყნარებელია ამგვარი პრაგმატული იდეის მიმართ, მით უმეტეს, რომ თავად განზრახული აქვს პირდაპირ ეთერში ახალ წელს ანაშის დათესვა... თუ ის ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში, ამ საქციელით ტურისტს გააბევრებს, ხოლო ერთდოლარიანი გადასახადი მას დაუფრთხობს მის მიერ მოხიბლულ მოზიდულებს, ეს უკვე სხვა ფორმატში განსახილველი საგანია.
როგორც ადამიანმა, რომელსაც საქმე მიკეთებია, მინდა მოგიწოდოთ, დავსხდეთ და ერთად ვისაუბროთ ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ჩემს მიერ გამოთქმულ იდეაზეც, რა საკვირველია თქვენი სურვილის შემთხვევაში, რათა მოიგოს ჩვენმა ქვეყანამ და ზოგადად საქმემ", - წერია ბექა ოდიშარიას განცხადებაში.
კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ოდიშარია რამდენიმე კვირის წინ იდეით გამოვიდა, რომ თბილისის ტურისტულ ნაწილში ე.წ. საკურორტო ტურისტული გადასახადი დაწესდეს. ოდიშარიამ შესაბამისი ინიციატივით მთავრობის ეკონომიკური გუნდის კანდიდატებს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა. ოდიშარიას თქმით, გადასახადის დაწესება აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს ბევრ ისტორიულ ქალაქსა და ქვეყანაში და ეს ხელს შეუწყობს დედაქალაქის ტურისტული ზონის გაფართოებას.