ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც გედენიძემ განაცხადა, დავით დევნოზაშვილი პირად კონტაქტში იყო მათთან ისევე, როგორ დანარჩენ ფოტოგრაფებთან.
როგორც გედენიძემ აღნიშნა, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი მასზე და მის მეუღლეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას პირადად ახორციელებდა.
„დავით დევნოზაშვილი პირად კონტაქტში იყო ჩვენთან ისევე, როგორც დანარჩენ ფოტოგრაფებთან და როგორც ჩემზე, ასევე ჩემს მეუღლეზე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. აღიარების სანაცვლოდ იყო მუქარა ჩემი მცირეწლოვანი შვილების მიმართ, რომ საფიქრალი დრო მქონდა, რათა მათ მომავალზე მეფიქრა, როგორ გაიზრდებოდნენ ისინი, რამე ხომ არ დაემართებოდათ, როდესაც სკოლიდან სახლში წავიდოდნენ. მაგრამ გამტეხა იმ ფოტომ, რომელიც ჩემს მეუღლეს ეხებოდა და ჩემი პირადი არქივიდან ამოიღეს. ამან განაპირობა ჩემი აღიარება", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
როგორც ფოტორეპორტიორმა აღნიშნა, ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულების მიზანი საქმის დამკვეთის გარკვევაა. ირაკლი გედენიძის თქმით, ისინი სამაგალითოდ დაისაჯნენ, რადგან 2011 წლის 26 მაისის ფოტოებმა სერიოზულად შეარყია ყოფილი ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯი.