გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ სამსახურების დატოვება მოუწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც გამოცხადებული კონკურსის პირობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ.
აგულაშვილის განცხადებით, ოპტიმიზაციის პროცესი დღეს არ დაწყებულა, არამედ მას მთავრობა თანმიმდევრულად 2012 წლიდან ახორციელებდა.
„ოპტიმიზაცია არ არის რევოლუცია, ეს არის ევოლუცია, სწორი ნაბიჯი, რადგან სამუშაო ადგილების შექმნა კერძო სექტორში უნდა მოხდეს. სამსახურები, რომლებიც გადატვირთული იყო, უნდა გათავისუფლდეს. 2015 წელს დავიწყე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობა და მისვლისთანავე ვნახეთ, რომ რეგიონებში მომუშავე თანამშრომლების ხელფასი, რომელთა ძირითადი ფუნქციაა ბრძოლა ბრაკონიერობის, ხის უკანონო მოპოვების, წიაღის უკანონო მოპოვების და ა.შ. წინააღმდეგ, იყო საკმაოდ დაბალი და გადავწყვიტეთ, დეპარტამენტის უფროსის, ორი მოადგილის თანამდებობა, მათი მაღალი ხელფასებით, დაახლოებით 4 000 ლარი გაგვეუქმებინა და მათი წლიური ხელფასი გადაგვენაწილებინა დაბალ რგოლებზე. ოპტიმიზაცია არ არის პროცესი, რომელიც დაიწყო დღეს, თუმცა, ეს არის თანმიმდევრული, სწორი პროცესი.
ჯერ არავის აქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად, ვინ დატოვებს სამსახურს. პირველ რიგში ჩვენ ვიყენებთ რეზერვს, რასაც ქმნიდა არსებული ვაკანსიები. რიგი გარემოებიდან გამომდინარე არის დაუკავებელი თანამდებობები, რომელთა გამო იმართებოდა კონკურსები. ჩვენ ეს ვაკანსიები მოვაგროვეთ და ამ ვაკანსიების საფუძველზე შევამცირეთ გარკვეული რაოდენობა. სამსახურების დატოვება მოუწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც გამოცხადებული კონკურსის პიორობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.