„ხარშილაძე-ძაძამია, სულ ცოტა, ამ ფაქტის ცუდად გაფორმებაში მონაწილეობდნენ, მაშინაც და ახლაც ბევრ ტყუილს ლაპარაკობენ", - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმამ გოგლა ჟვანიამ ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, „FBI"-ის დასკვნაში ქართული ვარიანტისგან სრულიად განსხავებული რამ წერია.
„იმ ღამეს იმ ბინაში გაზი არ იყო. რომც ყოფილიყო, „FBI"-ის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მათ მიერ ექსპერიმენტის ჩატარებისას, CO-ს არ გადაუჭარბებია სასიკვდილო დოზისთვის, უფრო კონკრეტულად, სასიკვდილო დოზაზე 200-ჯერ ნაკლები იყო. ამ დასკვნის ქართულ ვარიანტში სრულიად საპირისპირო ჩაწერეს - გაზის კონცენტრაციამ სასიკვდილო დოზას მიაღწია და გადააჭარბაო. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. იგივე „FBI" წერდა, გამათბობელი დავათვალიერეთ, მაგრამ მურის კვალი ვერ აღმოვაჩინეთ, რაც არასრული წვის მანიშნებელი იქნებოდაო. ამიტომაც მერაბიშვილის განცხადება - ბინაში ნამდვილად სუნი იდგაო - ტყუილია", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.