„ვიტოვებთ იმედს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება. ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც წყენით უნდა ისაუბრო, რომელზეც ემოციური და ნაჩქარევი გადაწყვეტილება უნდა მიიღო",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „კურიერში" ისაუბრა.
მდინარაძის თქმით, ყველაზე ლეგიტიმური გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩართულიყვნენ საკანონმდებლო პროცესში, რაც შესაბამის დებულებაშიც მითითებულია.
„ვიტოვებთ იმედს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება. ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც წყენით უნდა ისაუბრო, რომელზეც ემოციური და ნაჩქარევი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დემოკრატიის გაცილებით მაღალი ხარისხი. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიღებს პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას და ჩაერთვება კომისიის მუშაობაში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ 12 დეკემბერს განაცხადა.