logo_geo
eng_logo
ნინო დარსალია: მიეცით სისხლის სამართლის პასუხისგებაში გია გორგოშაძე და ნანა ყეინიშვილი!
- +

25 მარტი. 2016. 02:27


„ქრონიკა+"-ის წინა ნომერში დავით პოპოვის ჩვენება გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ გარდაცვლილი ბიძინა კუჭავა მას აფრიკაში ტექნიკის გაგზავნის სანაცვლოდ ბიზნესში ფულის ჩადებას სთავაზობდა. ლოგიკურად გაჩნდა კითხვა, - ხომ არ უკავშირდებოდა ეს თემა ანალოგიურ სავარაუდო თაღლითობის ფაქტს, რომელზეც „ქრონიკა+" რამდენიმე ხნის წინათ წერდა?


სწორედ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ქრონიკა+"-ს „გორგიას" მეპატრონის, გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე, ნინო დარსალია დაუკავშირდა:


- თქვენი გაზეთის წინა ნომერში გაჟღერდა ინფორმაცია აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოდან ბიზნესის წარმოების შესახებ. ვადასტურებ აღნიშნულ ინფორმაციას და მინდა განვაცხადო, რომ ეს იყო თაღლითური სქემა, რომლითაც ასობით ათასი დოლარი იქნა მითვისებული  და ამ თაღლითობის სათავეში იდგა იმჟამინდელი წითელი ჯვრის წარმომადგენელი საქართველოში და ამჟამად საქართველოს პარლამენტის წევრი, ნანა ყეინიშვილი. ამ თაღლითობის მსხვერპლი გახლავართ პირადად მეც. ჩემს ყოფილ მეუღლესთან, გია გორგოშაძესთან ერთად შევქმენით შპს „გორგია" და შპს „ბი ემ სი გორგია", ვაწარმოებდით სამშენებლო მასალების ბიზნესს. ბიზნესი საკმაოდ წარმატებული და მომგებიანი იყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ყოველთვის ახლდა გარკვეული პრობლემები. ამ პრობლემების მოგვარებისა და ბიზნესის მფარველობის მიზნით გია გორგოშაძემ გაიცნო იმჟამინდელი წითელი ჯვრის ხელმძღვანელი საქართველოში, ნანა ყეინიშვილი, რომელთან ერთადაც ჩემი ყოფილი ქმარი და ბიზნესპარტნიორი ჩემთვის გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციებსაც ასრულებდა. თუ რა მაქინაციებს ეწეოდნენ ნანა ყეინიშვილი და გია გორგოშაძე, ამას სხვა დროს მოგახსენებთ, მაგრამ ამჟამად ყურადღებას გავამახვილებ ერთ კონკრეტულ ფაქტზე, თუ როგორ თაღლითურად მიითვისეს მათ ჩემი კუთვნილი ფულადი სახსრები. კერძოდ, 2010 წლის გაზაფხულზე ნანა ყეინიშვილისა და გია გორგოშაძის დაჟინებული თხოვნით ჩემი პირადი სახსრები, 87 000 აშშ დოლარი, გამომართვა გია გორგოშაძემ და მითხრა, რომ ამ თანხას ჩამიდებდა (დამიბანდებდა) ნანა ყეინიშვილის მიერ შემოთავაზებულ ბიზნესში, კერძოდ აფრიკაში, განას რესპუბლიკაში ოქროს ბიზნესში. რასაკვირველია, ჩემს ქმარს ვენდე, რის გამოც ხსენებული თანხა გადავეცი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, განაში ოქროს ბიზნესის საქმე მოვიკითხე, რაზედაც გია გორგოშაძე მამშვიდებდა, რომ რაღაც პრობლემები იყო და მოგვარდა, ყველაფერი რიგზეაო. ამის შემდეგ გია გორგოშაძემ მეგობარი გოგონა გაიჩინა, რაზედაც კონფლიქტი მოგვივიდა და მან გადაწყვიტა, გავშორებულიყავით. გაშორების პროცესში ის ბიზნესი უნდა გაგვეყო, რაც ერთობლივი შრომის შედეგად და, მათ შორის, რაც ჩემი პირადი სახსრებით შეიქმნა. საბოლოო ჯამში, გავარკვიეთ, რომ „გორგიას" ბიზნესიდან ჩემი წასვლის სანაცვლოდ გია გორგოშაძეს ჩემთვის უნდა გადაეხადა ათი მილიონი აშშ დოლარი, რაშიც მომატყუა და დღემდე არ გადაუხდია, ამას ადასტურებენ მოწმეებიც. 2012 წელს დაჟინებით მოვითხოვე გია გორგოშაძისგან, რომ გავერკვიე, რა ხდებოდა აფრიკაში ჩემს ბიზნესზე და საერთოდ, რა ბედი ეწია ჩემს ფულს, რაზედაც მან განმიმარტა, რომ ფული გადასცა ნანა ყეინიშვილს, ხოლო მან სად წაიღო და რაში დახარჯა, მისთვის უცნობია.


- არსებობს თუ არა რაიმე დოკუმენტი, თუ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება მოხდა აღნიშნულ თემაზე?

 

- გია გორგოშაძემ მომიტანა სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერილი ფურცელი, რომლის შინაარსიც აგებულია იმდაგვარად, რომ თითქოს ის დაწერილია ჩემ მიერ და მის სინამდვილეს თავისი ხელმოწერით მიდასტურებს გია გორგოშაძეც. სინამდვილეში, აღნიშნული ტექსტი შედგენილია გია გორგოშაძის მიერ და მასზე ჩემი ხელმოწერა არაა, მაგრამ ამავე ტექსტიდან ირკვევა, რომ გია გორგოშაძემ, ჩემი ფული, 87 000 აშშ დოლარი, ჩამიდო (დამიბანდა) აფრიკაში, განაში ოქროს ბიზნესში, აღნიშნული თანხა კი გადასცა ნანა ყეინიშვილს, ხოლო ამ უკანასკნელმა სად წაიღო ეს ფული, ჩემთვის უცნობია. ამ დოკუმენტის მოტანის შემდეგ პრეტენზიებით მივმართე ნანა ყეინიშვილს და გია გორგოშაძეს, რომ დაებრუნებინათ ჩემი ფული, თუმცა მათგან მუქარა მივიღე, რომ ნანა ყეინიშვილი თამაზ თამაზაშვილთან მეგობრობდა და დღედღეზე ნანა ყეინიშვილის შვილის ცოლად მოყვანას აპირებდა ლექსო თამაზაშვილი. სწორედ ხსენებულ პირებან მეგობრობით დამემუქრნენ, რომ საერთოდ არ ამომეღო ხმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ვერაფერს დავაკლებდი, ხოლო მე კი სერიოზული  პრობლემები შემექმნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად მარტო და დაუცველი დავრჩი, მართლაც ვერაფერს ვამბობდი საკმაოდ დიდ ხანს, ბოლოს გადავწყვიტე, პრესის საშუალებით გამეხმაურებინა ეს ამბები და საჩივრით მიმემართა პროკურატურისთვის. დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, დაკითხულია მოწმეები, გამოკვეთილია, რომ გია გორგოშაძემ და ნანა ყეინიშვილმა ჩემ წინააღმდეგ თაღლითობა ჩაიდინეს, მაგრამ დღემდე ვერ ხდება მათი პასუხისგებაში მიცემა. მე ვერ გეტყვით, ნამდვილად მფარველობს თუ არა გია გორგოშაძეს და ნანა ყეინიშვილს ყოფილ პრემიერის ოჯახი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, - მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, სანოტაროდ დამოწმებული დოკუმენტის შინაარსიდანაც კი, უტყუარად დასტურდება, სამართლებრივი შედეგი დღემდე არ დგება. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, რომ თუ მართლაც არ მფარველობს ვინმე, თუ მართლაც არ არის ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, მიეცით სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჩემ წინააღმდეგ თაღლითობის ჩადენის გამო გია გორგოშაძე და ნანა ყეინიშვილი.


მარიამ ბალანჩივაძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner