საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა - ტედ პომ და ჯერალდ კონოლიმ 23 მარტს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე ორპარტიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა.
აშშ-ის წარმომადგენელთ პალატაში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირების შემდგომ, მისი განხილვა მოხდება საგარეო საქმეთა კომიტეტში, რის შემდეგაც რეზოლუციის ტექსტს კენჭს უყრიან წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე.
რეზოლუციის პროექტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია და მისი ტერიტორიის ოკუპაცია. ამას გარდა, ოკუპირებული ხაზის გასწვრივ რუსეთის არაკანონიერ ქმედებები. ასევე, მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ. რეზოლუციაში მოუწოდებენ რუსეთს, გადადგას ნაბიჯები, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად.
რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, ერთმნიშვნელოვნად განაცხადოს, რომ აშშ ნებისმიერი გარემოების მიუხედავად არ ცნობს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე რუსეთის დე იურე და დე ფაქტო სუვერენიტეტს.
რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა სფეროში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესშია, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.