logo_geo
eng_logo
ნინო აღლემაშვილი: ნავთლუღის სპეცოპერაცია იყო სპეცოპერაციად მონათლული დანაშაული
- +

21 დეკემბერი. 2016. 22:46


 


პროკურორმა, ნინო აღლემაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ სახეზე გვაქვს სასამართლოს ორი გადაწყვეტილება და დადასტურებულად შეგვიძილია მივიჩნიოთ ფაქტი, რომ რეალურად, ნავთლუღის ავტოსადგურზე სპეცოპერაცია არ განხორციელებულა და კრიმინალების განეიტრალების შესახებ ისტორია გამოგონილი იყო.


მისი თქმით, ფაქტია, რომ დანაშაული იმისთვის განხორციელდა, რათა ხალხს დაენახა, რომ ციხეზე თავდამსხმელებს დემონსტრაციულად სჯიდნენ.


„10 წლის წინ, საქართველოს მოსახლეობამ ტელევიზიით შეიტყო, რომ კუდ-მა ეფექტური სპეცოპერაცია ჩაატარა, რითაც ციხეზე შეიარაღებული თავდასხმა და პატიმრების მასობრივი გაქცევა ჩაშალა. სინამდვილეში, ეს იყო სპეცოპერაციად მონათლული დანაშაული, რომელსაც 3 სრულიად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ დანაშაული ინიცირებული იყო ბაჩანა და დავით ახალაიების მიერ, რომლებმაც  კუდ-ისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად,  დანაშაულის განხორციელებაში მონაწილეობა უშუალოდ მიიღეს.

 

სპეცოპერაციად მონათლული ეს დანაშაული, ერთი მხრივ, რეალობის არმცოდნე საზოგადოების თვალში, ძმების ავტორიტეტს დადებითად წარმოაჩენდა, რადგან ისინი უმძიმესი კრიმინალის დამმარცხებლებად გამოცხადდებოდნენ, მეორე მხრივ კი, მორჩილებაში მოვიდოდნენ პატიმრები, რომლებიც სასტიკი მეთოდებით დასჯის პანიკით შეპყრობილები, ვერასოდეს გაბედავდნენ, ციხის ადმინისტრაციის საწინააღმდეგო ქცევაზე ეფიქრათ", - განაცხადა პროკურორმა.


როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურებულადაა მიჩნეული, რომ დავით ახალაიამ საკუთარ თანამშრომლებთან ერთად განახორციელა სროლები და ასევე, ის იყო პირი, რომელმაც შემთხვევის ადგილზე, ახლო მანძილიდან, დაცემული შოთა გორგაძის მიმართულებით, დამიზნებით საკონტროლო გასროლა განახორციელა.


„რაც შეეხება გიორგი დგებუაძეს, მოსამართლემ განმარტა, რომ საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა ის უტყუარ დასკვნამდე ვერ მიიყვანა, რომ დგებუაძემ საკონტროლო გასროლა განახორციელა. თუმცა, გიორგი დგებუაძის ბრალდების ერთადერთი ასპექტი საკონტროლო გასროლა არ ყოფილა. ჩვენ მას ბრალს ვდებდით, რომ თანამშრომლებთან ერთად, მან 3 უიარაღო პირის მიმართულებით სროლები განახორციელა. მკვლელობის არსი სწორედ ეს გახლავთ და სასამართლომ გიორგი დგებუაძე დამნაშავედ სწორედ მკვლელობის ბრალდებით ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, ის დამნაშავედ მკვლელობაში თანამონაწილედ იქნა ცნობილი. თანამონაწილეობა კი, მათ შორის, დანაშაულის აღმსრულებლობას მოიაზრებს", -  განაცხადა აღლემაშვილმა.


მისი თქმით, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, დაზარალებულების დამოკიდებულებას გაითვალისწინებს.


„პასუხი იმის თაობაზე, გავასაჩივრებთ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოგვიანებით გვექნება, რადგან რეალურად, მოსამართლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ ჩაგვბარებია, სადაც მათ შორის, დასაბუთებული იქნება გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის საკითხი. აბსოლუტურად გასაგებია დაზარალებულების პოზიცია, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით იქნა ჩადენილი, რის შედეგადაც, ამ ადამიანებმა შვილები დაკარგეს. შესაბამისად, დაზარალებულების დამოკიდებულება გათვალისწინებული იქნება", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner