ცილისწამება და შეურაცხყოფა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიაა. წინადადება საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა. პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცილისწამება და შეურაცხყოფა ხელყოფს არა მხოლოდ პიროვნების პატივსა და ღირსებას, არამედ ხელს უწყობს მოქალაქეთა ზნეობრივ გადაგვარებას, უწმინდურების დამკვიდრებას და საზოგადოებრიობის დემორალიზაციას.
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებული პროექტის თანახმად, "წინასწარი შეცნობით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის სახელის გამტეხი არასწორი, ცრუ მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, ან პრესის, ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით, - ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან 20 000 ლარამდე ჯარიმით.
ამავე პროექტში ასევე ნათქვამია, რომ წინასწარი შეცნობით ფიზიკური ან იურიდიული პირის შეურაცხყოფა რაიმე უხამსი სიტყვიერი ან კარიკატურული ფორმით, ან ბეჭდვითი, ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან ჯარიმით 20 000 ლარამდე.
აგრეთვე ფარული ვიდეოგადაღებით მოპოვებული პირადი, საიდუმლო, ნეგატიური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ისეთი მონაცემების გავრცელება, რომელიც შეურაცხყოფს მის პირად ღირსებას და სახელს უტეხს საზოგადოების თვალში, ან ეროვნული - რელიგიური სარწმუნოების სიტყვიერი, ან რაიმე კარიკატურული ფორმით გამოხატული შეურაცხმყოფელი მასალის გავრცელება პრესის ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ისჯება - სამიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 70 000 ლარამდე ჯარიმით.
გამართლებულია თუ არა ცილისწამებასა და შერაცხყოფაზე კანონის გამკაცრება? - „რეზონანსის" შეკითხვას ანსამბლ „ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი პასუხობს:
„მე არც პარლამენტარი ვარ და არც იურისტი, ამიტომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც სხვას ლაფს ესვრის და შემდეგ ამაზე განზე გამდგარი იცინის და ეს არასწორი მგონია. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები უნდა დაისაჯონ, მაგრამ ზოგჯერ არც სიმკაცრე ამართლებს. საბოლოოდ მაინც მგონია, რომ ასეთი ადამიანები განათლების დეფიციტს განიცდიან და ამიტომაც ესვრიან სხვას ტალახს. ასეთს რა უნდა მოსთხოვო?! მაგრამ, სხვანაირად თუ არ ესმით, უნდა დავსაჯოთ და კანონიც ამისთვისაა", - აცხადებს ჭკუასელი.