logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია
- +

28 დეკემბერი. 2016. 23:17



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ "პალიტრა ნიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი. როგორც ჯანელიძემ განაცხადა, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა გახდეს ის ფაქტორი, რომ გაიზარდოს მიგრაცია. მისივე თქმით, საქართველო მიგრაციის კუთხით ნაკლები რისკის მატარებელი ქვეყანაა.


„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია. აქ ვსაუბრობთ შეჩერებაზე და არა გაუქმებაზე. შეჩერების მექანიზმით განსაზღვრულია რამდენიმე ეტაპი. პირველ ეტაპზე თუ ხდება მიგრაციული ნაკადების ზრდა ანუ იმ შემთხვევაში თუ იზრდება თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი, იმ რაოდენობით რომელიც საფრთხის შემცველია, ამ შემთხვევაში იწყება კონსულტაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის და მოხდება შესაბამისი ზომების მიღება. საუბარია გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებლებზე. ეს დეტალურად თანამშრომლობის ეტაპზე განისაზღვრება. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ არის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული, ეს არის თანამშრომლობაზე დამოკიდებული.


ჩვენ მიგრაციის სფეროში ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, მუშაობს რეადმისიის შეთანხმებები ანუ ჩვენი ვალდებულება ავიღეთ მივიღოთ ის პირები, რომლებიც უკანონოდ მოხვდებიან შენგენის ზონაში. თავშესაფრის მიღება ხდება გარკვეული პოლიტიკური დევნის თუ სხვა დისკრიმინაციული მიდგომებიდან გამომდინარე. ამ ნაწილში ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს ევროკავშირთან. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებასთან ერთად გაფორმებულიყო რეადმისიის შეთანხმებები და ამ მიმართულებით ყოფილიყო თანამშრომლობა. 90%-ზე მეტ შემთხვევაში რეადმისია წარმატებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში. ზუსტად ერთი წლის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, რომელმაც შეაფასა საქართველოს მზაობა და სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველო მიგრაციის კუთხით წარმოადგენს ნაკლები რისკის მატარებელ ქვეყანას და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია უვიზო მიმოსვლის დაწესება", - აღნიშნა ჯანელიძემ.


მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად იმუშავა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი კრიმინალის წინააღმდეგ და მიმართულებით საქართველოს მიმართ ნდობაა.


"კრიმინალის საკითხი, რა თქმა უნდა, ამოწურული არ არის. კრიმინალი ყველგან არსებობს და კრიმინალს ეროვნულობა არ გააჩნია და არა მხოლოდ ქართველი ჩადის კრიმინალურ დანაშაულს ევროპულ ქვეყნებში. თუმცა, ჩვენ მივაღწიეთ თანამშრომლობის იმ დონეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომელმაც უზრუნველყო მათი საქართველოსადმი ნდობა. ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ მიმდინარე წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით თანამშრომლობაზე. იყო გარკვეული კითხვები გერმანიაში გაზრდილი ქართული კრიმინალის შესახებ და ეს მედიაშიც ძალიან აქტიურად მუსირებდა. თუმცა, შსს-მ ძალიან აქტიური სამუშაო ჩაატარა. განვათავსეთ ჩვენი პოლიციის ატაშე ჩვენ საელჩოებში, სადაც აღნიშნული პრობლემა დგას. ჩვენ ასევე გავაფორმეთ ორმხრივი შეთანხმებები კრიმინალთან ბრძოლის სფეროში. ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება ევროპოლთანაც და გავარღმავეთ ამ მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობა. ეს არის ნდობის ჩამოყალიბება ჩვენსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის", - აღნიშნა მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner