ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ერთი კარგი თბილისელი, საქმიანი და ქველმოქმედი კაცის მიხეილ ლოლაძის პოსტი წავიკითხე და გულზე მომხვდა:
„რუსთაველზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა" რუსთაველზე გავიარე... რა გითხრათ, რით გაგახაროთ... ჭუჭყით და ნაგვით სავსე, სახლის ფასადების დაბლა ნაწილები ტურტლიანი, განსაკუთრებით ე.წ. კავშირგაბმულობის სახლისა, გარდა ჭუჭყისა რაც კი ოდესმექაღალდი გაუკვრიათ ყველა სახეზეა, ამას ემატება თვითშემოქმედება წარწერების სახით. პატარა ქანდაკებები, ზოგი მონგრეული,ზოგი გამქრალი... ოპერის პირდაპირ კარტონის ყუთებისგან ნაშენებ ხუხულაში ჟურნალ-გაზეთებს და სუვენირებს ყიდიან.მიწისქვეშა გადასასავლელი ყარს. რესპუბლიკის მოედნის ქვეშ ხომ არ ჩაისვლება... ტუალეტები არ არის. ბარში ქალმა ბავშვი შემოიყვანა, იხვეწებოდა ტუალეტში უნდაო. არ შეუშვეს, დაკეტილიაო. იქვე სასტუმრო „ბილტმორი" მთელი თავისი ბრწყინვალებით... რა გამოდის? თუ უცხოელმა არ გაგიკეთა და მოგართვა, შენით ვერ უვლი საკუთარქალაქს, მის მთავარ ქუჩას, სადაც არ დავბადებულვართ, მაგრამ გავიზარდეთ (დიახ გავიზარდეთ!) მთელი თაობები. საკრებულოს და მერიის შენობები ვერ იტევს თანამშრომლებს. ვისაც ევალება ან თუნდაც არ ევალება, იქნებ გამოყონ ცხვირი გარეთ? დარწმუნებული ვარ, უფრო მეტს ნახავენ. მაგრამ რა? შეაყარე კედელს ცერცვი... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ჩვენ რუსთაველს სჭირს. იქნებ დავიწყოთ მოძრაობა - გ ა დ ა ვ ა რ ჩ ი ნ ო თ რ უ ს თ ა ვ ე ლ ი!!! გთხოვთ შემეხმიანოთ.
მიშა ლოლაძეს თხოვნას ვუსრულებ და ვეხმიანები:
„ბედაურნი დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანი!"
(ძველი ქართული ანდაზა)
გულწრფელი, გულისტკივილით აღსავსე ასეთი პოსტების კითხვა უკვე მოსაბეზრებელია! მოსაბეზრებელია არა იმიტომ, რომ რაიმე უსწოროა ნათქვამი, არამედ იმიტომ რომ... შეაყარე კედელს ცერცვი! მიუხედავად ჩემი გულწრფელი და მყარი მხარდამჭერი პოზიციისა „ქართული ოცნებისადმი", იმის მიუხედავად რომ ხმალამოღებული ვიცავდი მის წარმომადგენელებს და მოვუწოდებდი კოლეგებს თმენისკენ, უკვე იძულებული ვარ ვთქვა: თბილისს არ ჰყავს პატრონი!
პატრონი ის არის ვისაც ტკივა!.. ვინც ფიქრობს ამ სატკივარზე... ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნაკლები სატკივარი ქონდეს ქალაქს და ქალაქელებს... ვინც ზრუნავს მის გარეგნულ სახეზე და იმ ადამიანთა ერთობაზე, რომელსაც თბილისისი მოსახლეობა ქვია!... და ამ ტკივილის, ფიქრის, ზრუნვის, კეთების ერთობლიობას ქვია ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი!!!
ჰოდა, ამ ზემოთქმულის გათვალისწინებით ვბედავ იმის თქმას, რომ არ უყვართ დედაქალაქითბილისის მერიაში. არა!!! არ არიან ისინი ბავშვობიდანვე გაზრდილნი მშობლიური დედაქალაქის სიყვარულით! და, ხაზგასმით ვიმეორებ: ამას ვამბობ დიდი გულისტკივილით, ყოველგვარი ეშმაკური მინიშნებების გარეშე მავანის წარმომავლობის შესახებ. ანუ, ის კი არ არის მთავარი სად დაიბადე და საიდან ჩამოხვედი, არამედ ის როგორ ზრუნავ, რეალურად რას უკეთებ ამ ქალაქს; ვისთან თათბირობ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრისას, ვის ეკითხები რჩევას; რას მიაღწიე, რას დაატყვე ხელი... ხელი?! ხელი კი არა ... კვატი!
მავანთ ხელი კი არა თავი არ აქვთ! თ ა ვ ი!!! არადა, სულ პატარაობიდან მახსოვს ქალაქის მეთაურები. ვისაც მოვესწარი. ყველამ. მთელმა ქალაქმა იცოდა იცოდა "ვინ იყო ვინ!" ახალ თაობას, ალბათ, ბევრს არაფერს ეუბნება ეს გვარები, მაგრამ, უფროსი თაობა პატივისცემით იხსენებს მათ, რომელთა შორის განსაკუთრებით (!) გამოირჩევიან: გივი ჯავახიშვილი, მრავალი წლის მანძილზე საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე; ერასტი მელაძე... გიორგი გეგეშიძე - ქალაქის პარტიული მეთაური, რომლის სახელთან დაკავშირებულია ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი გზის და თბილისი სპორტის სასახლის მშენებლობა; თენგიზ მენთეშაშვილი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ძველი თბილისის აღდგენის პროცესის დაწყება, პირველი "თბილისობა"... ბახვა ლობჟანიძე, ქალაქის მეურნეობის ბრწყინვალე მცოდნე;ნიკო ლეკიშვილი, ურთულეს დროს მოუწია მერობა და თუ ბოლომდე არ დაინგრა ადრე გაკეთებული, მისი დიდი დამსახურებაა...
სწორედ ამ შემთხვისთვის არის ზედაგამოჭრილი ძველი ქართული ანდაზა: "ბედაურნი დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანი! (ჯეჯელავას და მისით აღტაცებულთათვის ვამბობ: ეს ანდაზაა, ზღაპარი არ გეგონოთ!) ერთი სიტყვით: არ ვიცი, როგორ მოიგონებენ სხვებს, მაგრამ დღევანდელი "მონაცემებით" ნარმანიას გვარი ოქროს ასოებით არ ჩაიწერება მერიის ისტორიაში, ეს ნაღდია. თუმც, ჯერ მაინც წინაა...
P.S.: და ახლა ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელმაც მაიძულა საგნებისა და მოვლენებისთვის საკუთარი სახელები დამერქმია: გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" გამოქვეყნდა მერაბ ხაჩიძის კრიტიკული წერილი ძველი თბილისის გამოსაჩენ ადგილზე მოქმედ ერთი ავტოსადგომის შესახებ. ამ მასალაში მოყვანილი მართლა უთოფო "ყაჩაღობის" აშკარა ფაქტი, დღესაც რეალობაა. ჩვენც გავაზიარეთ ეს პუბლიკაცია და ვაცნობეთ ვისაც ჯერ არს.
მერიიდან, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, არავითარი რეაგირება... ყური რომ არავინ შეიბერტყა პარტიზანულად შევეხმიანეთ და მასალა გადავუგზავნეთ მერიისპრესსამსახურს - ჩემი ყოფილი სტუდენტი მუშაობს იქ. მან მოინდომა, მიაწვდინა ხმა ვისაც ჯერ არს, მაგრამ... ლამის სასაცილოდ აიგდეს. მას შემდეგ ის ანგელოზი ქალბატონი "შერცხვენილი" მემალება...
ეტყობა, მერიის ზოგიერთი გათავხედებული ჩინოვნიკი ვერ მიხვდა საიდანაც უბერავდა ქარი. ამიტომ პირდაპირ ბ.ნ ნარმანიას მივაწვდინეთ ხმა. შეწუხდა. დაგვპირდა გარკვევას და სათანადო რეაქციას... მას შემდეგ ველით პასუხს. არადა, ოთხი თვე გავიდა...
ახლა პირდაპირ უნდა "მივახალოთ" ბატონ მერს: ეტყობა, თქვენი ხელშეუხებლობის ილუზიები გაზვიადებული გაქვთ, თორემ არ გაამჟღავნებდით ასეთ აშკარა უპატივცემულობას მედიის კრიტიკული გამოსვლებისადმი და შემრიგებლობას ასეთი უთოფო"ყაჩაღობისადმი. ასეთ დამოკიდებულებას აშკარა კორუფციული ელფერი დაკრავს ბატონო მერო და ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ეს გაყოყოჩებული "ყაჩაღები" პირდაპირ კავშირში არიან მერიის უსინდისო და არცთუ რიგით ჩინოვნიკებთან.
ისიც უნდა ვუთხრათ ბატონ მერს, რომელსაც მავანი კარგ მენეჯერად თვლის (აბა, რისთვის გაამწესეს ეს ახალგაზრდა ეკონომისტი ქალაქის თავად), რომ, როგორც ჩანს, მერიაში არ არსებობს რეაგირების არავითარი სისტემა მედიის კრიტიკულ გამოსვლებზე, ისევე, როგორცელემენტარული კონტროლი პირადად მერის დავალებების და მითითებების შესრულებაზე. და თუ არსებობს, მაშინ საქმე თქვენს ავტორიტეტს ეხება და რეპუტაციას, რამეთუ აშკარაა ჩინოვნიკების მხრიდან მერის პირადი დავალება-მითითებების "ფეხებზე დაკიდება". ყოველივე ეს მერიის აპარატის და მისი ხელმძღვანელების არაკომპეტენტურობასა და არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. ამავე დროს აღძრავს გონივრულ ეჭვს უფრო უარესზეც...
ყოველივე ამის შემდეგ, სხვა არაფერი დაგვრჩენია, რომ მოვუწოდოთ მავანს: დაიხურეთ ქუდები და წადით სახლებში!!!