სრულიად განახლებული „მწერალთა სახლი", რომელიც რამდენიმეთვიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა, ახალი შემართებით განაგრძობს ფუნქციონირებას. როგორც მწერალთა კავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ის გახდება რეგიონისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი, სადაც მომავალში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება. სწორედ ამაზე გვესაუბრა ახალგაზრდა პოეტი და „მწერალთა სახლის" კულტურული ღონისძიების მენეჯერი როინ აბუსელიძე.
- კონკრეტულად, რა სიახლეებს გვთავაზობს „მწერალთა სახლი"?
- ჩვენი მოვალეობაა, ახალი სუნთქვა შემოვიტანოთ ამ უნიკალურ სახლში. თუ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, ვიწყებთ ახალი ისტორიის დაწერას. ძალიან ბევრი პროგრამული ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, ასევე, მზად ვართ, ნებისმიერი იდეის განხორციელებას, რომელსაც აჭარაში და არა მარტო აქ მცხოვრები ხელოვნები, პოეტები და მწერლები შემოგვთავაზებენ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. გეგმით გაწერილი ღონისძიებების სია დიდია, ამ წელს დაახლოებით 30-მდე საღამო ჩატარდება „მწერალთა სახლში". აქედან გამოვარჩევდი, მაგალითად, შეხვედრა-სემინარებს დამწყებ პოეტებთან, საუბარია სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე. ასევე, გავმართავთ შეხვედრებს სხვადასხვა ქალაქის ცნობილ შემოქმედებთან. დაგეგმილი გვაქვს ქუთაისელი და თბილისელი პოეტების ჩამოყვანა, სიახლეა ისიც, რომ ვაპირებთ კაფიების საღამოს ჩატარებას მუსიკალური გაფორმებით. იგეგმება შოთა ზოიძის, ემენ დავითაძის, „აბგდ"-ს წიგნების წარდგინება. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ზაფხულის შუა რიცხვებში „მწერალთა სახლი" თამაზ ჭილაძეს უმასპინძლებს. გაიმართება ზურაბ გორგილაძის პოეზიის კვირეული. ჩვენ არაერთ საინტერესო და ემოციების აღსავსე დღეს ვპირდებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს პოეზია, მწერლობა.
- გარდა გეგმური ღონისძიებებისა, რა სიახლეები გაქვთ, რომელიც „მწერალთა სახლის" პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში?
- რა თქმა უნდა, არაერთი ღონისძიების ჩატარება გვაქვს ჩაფიქრებული, რომლის მიზანიც სწორედ „მწერალთა სახლის" პოპულარიზაციაა. ჩვენი სურვილია, ახალგაზრდებისთვის ეს ადგილი გახდეს სივრცე, სადაც ბევრი სასიამოვნო ამბავი ხდება. გვაქვს ძალიან საინტერესო სიახლე, მზადაა ბანერი სახელწოდებით „პოეზიის დრო", რომელიც ყოველდღე, შუადღით, სავარაუდოდ, სამის ნახევრისთვის, მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან გადმოიფინება და 1520 წუთის განმავლობაში „მწერალთა სახლის" ირგვლივ მყოფი ადამიანები ცნობილი პოეტებისა და მწერლების აუდიოლექსებს და ჩანაწერებს მოისმენენ. ამ ყველაფრის მიზანია ახლაგაზრდებმა იცოდნენ „მწერალთა სახლის" მნიშვნელობა, დაინტერესდნენ მისით და უფრო აქტიურად ჩაერთონ აქ დაგეგმილ ღონისძიებებში. სიახლეა ისიც, რომ კვირაში ერთ დღეს, კონკრეტულად კი ხუთშაბათს, „მწერალთა სახლის" დარბაზი იქნება თავისუფალი, ნებისმიერ მწერალს თუ დამწყებ პოეტს შეეძლება მოვიდეს და ჩაატაროს საღამო, მოაწყოს წიგნის პრეზენტაციია, რომლის ორგანიზებაში ჩვენ დავეხმარებით. ასე რომ, მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ახალი ინიციატივით მოვა და საინტერესო საღამოს ჩატარებას შემოგვთავაზებს. „მწერალთა სახლი" არ არის მარტო იმათთვის, ვინც მწერალთა კავშირის წევრია, ეს არის სახლი ნებისმიერი იმ ავტორისთვის, რომელსაც აქვს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი.
- როგორც ვიცი, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ჟურნალი „ჭოროხი" კვლავ გამოვა...
- რაც შეეხება ჟურნალ „ჭოროხს", ის ამ შენობის და „მწერალთა სახლის" ორგანიზმია და სასიხარულოა, რომ აღდგება მისი გამოცემა. თებერვლიდან გამოვა პირველი ნომერი. აბსოლუტურად შეიცვლება მისი გარეკანის დიზაინი, ჟურნალზე რამდენიმე ადამიანით მეტი იმუშავებს, რათა უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და მასშტაბური გახდეს ის. ვაპირებთ პრეზენტაციებისა და საღამოების გამართვას, რომელზეც მოვუყვებით საზოგადოებას, თუ საიდან იღებს სათავეს „ჭოროხი", რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მას აჭარის რეგიონისთვის.
- რა როლს ასრულებდა და ასრულებს „მწერალთა სახლი" რეგიონის ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- „მწერალთა სახლი" უნდა არსებობდეს თუნდაც იმიტომ, რომ ნებსმიერ დამწყებ ავტორს, ნებისმიერ შემოქმედს ჰქონდეს საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეა და სოციალურ ქსელში ყველას შეუძლია თავისი შემოქმედების ატვირთვა, მე მაინც მგონია, რომ ცოცხალი ურთიერთობები უფრო ზრდის შემოქმედს. შესაბამისად, ვფიქრობ, „მწერალთა სახლის" მიერ დაგეგმილი ღონისძიებებიც სწორედ ამ და კიდევ მრავალი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი და საჭირო. ვთვლი, რომ აჭარის მწერალთა კავშირი, მწერლები და პოეტები ყოველთვის იდგნენ და დღესაც დგანან ქართული სიტყვისა და რწმენის სადარაჯოზე.