logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გადამხდელთა აუდიტის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე
- +

30 იანვარი. 2017. 12:07



საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბიზნესის წარმოების გამარტივების კუთხით მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.


„გადასახადის გადამხდელის წუხილი იწყება მაშინ, როცა შემოსავლების სამსახური ამოწმებს. ჩვენი შემოსავლების სამსახური ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს სამსახური, ფაქტობრივად, სრულ ელექტრონულ მომსახურებაზე გადავიდა გადასახადის გადამხდელთან. როცა გასულ წელს ბიზნესის კეთების რეიტინგში 23-ე პოზიციიდან მე-16 პოზიციაზე დავწინაურდით, ეს სწორედ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული სწორი რეფორმების დამსახურება იყო. ამავე დროს, ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა კანონმორჩილების გაზრდა, რათა ადამიანებს ესმოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდა. გარდა ამისა, მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, თუ როგორ უნდა გადაიხადონ გადასახადები, ამასთან, საგადასახადო კოდექსი მუდმივად უნდა დაიხვეწოს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ აუდიტის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გადამხდელმა ზუსტად იცოდეს, რა პროცესები და პროცედურები მიმდინარეობს და ყველა ამ პროცედურაში ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა.


„ბოლო კვლევების მიხედვით, გადასახადების გადამხდელთა 90%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ აუდიტი მეგობრული და ბიზნესის დამხმარეა, დანარჩენი 10% ჩვენი საზრუნავია. აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ აუდიტის თანამშრომლებმა ბიზნესს თანხა სწორად და სამართლიანად დაარიცხოს. როდესაც პრაქტიკა აჩვენებს, რომ დარიცხული თანხა სამართლიანი და ზუსტია, რა თქმა უნდა, ბიზნესი დაზოგავს იმ დროს, რაც მას გასაჩივრებაში ეხარჯება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ შექმნა ბიზნესსახლის კონცეფცია, რომელშიც  600-ზე მეტი სერვისი იქნება თავმოყრილი და პირველ რიგში, კერძო სექტორს გაუმარტივდება სახელმწიფოსთან ურთიერთობა, დაზოგავს ფულს. ამავე დროს, იქნება ძალიან ბევრი საკონტროლო მექანიზმი, რომ კერძო სექტორმა ყველა მოთხოვნაზე ადმინისტრაციულ ვადებში მიიღოს პასუხი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner