„საქართველოს ურთიერთობები მხოლოდ უნდა გაძლიერდეს ერთი მხრივ ევროკავშირთან, მეორე მხრივ - რუსეთთან", - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე უკვე მეორეჯერ ვიმყოფები საქართველოში. პირველ რიგში მოგესალმებით, როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენი არაჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს. უფრო და უფრო ძლიერდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის. არ არსებობს ან ერთი მხრივ მხოლოდ ევროკავშირთან, ან მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობა. ორივე უნდა იყოს შესაძლებელი და ორივე იქნება შესაძლებელი. საქართველოს ურთიერთობები მხოლოდ უნდა გაძლიერდეს ერთი მხრივ, ევროკავშირთან, მეორე მხრივ - რუსეთთან. მესამე რიგში, მე გახლავართ ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი. სამი პრიორიტეტი - ბრძოლა რადიკალიზაციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ, საფრთხე, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება, მეორე - ნდობის აღდგენა, პირველ რიგში, ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე, აზროვნება, რომელიც ერთი მხრივ, არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში და მეორე - რუსეთის მხრივ. ყველაფერი, რაც არსებობს ეს „ბლოკებად დაყოფის აზროვნება", რასაც ამოიკითხავ ისტორიის წიგნებში, ყველაფერი წარსულს უნდა ჩაბარდეს და მესამე მხრივ, ჩვენ გვინდა მაქსიმალურად დავალაგოთ და დავარეგულიროთ ეუთო-ს ფარგლებში არსებული კონფლიქტები", - განაცხადა კურცმა.
მისივე თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, უნდა გაგრძელდეს დიალოგი და გამოირიცხოს ესკალაცია.
„ჩვენ უნდა შევეცადოთ უბრალო ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას კონკრეტულ რეგიონებში", - აღნიშნა სებასტიან კურცმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ ეუთო-საც შეუძლია სერიოზული წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს საქართველოს შემდგომ განვითარებას.