logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჟურნალისტთა კორპუსის შეურაცხყოფაა, როცა ამბობთ, რომ ბატონი გვარამია თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტია
- +

8 თებერვალი. 2017. 15:22



„ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ რომელიმე ტელევიზია დავხუროთ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


თალაკვაძემ ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიღწევაა.


„მინდა, გამოვეხმაურო მედიის თავისუფლების საკითხებს. მინდა, ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ მედიის თავისუფლება საქართველოში და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიღწევა. მე არ მინდა, ახლა ექსკურსი გავაკეთო და შეგახსენოთ, როგორ კონტროლდებოდა მედია თქვენი მმართველობის პერიოდში და როგორ ფასადურად იყო ადამიანის უფლებები დაცული საქართველოში. ასევე მინდა, მარტივი არგუმენტი გითხრათ, ისინი, ვინც ცდილობთ, რომ სპექტაკლი დადგათ და თქვათ, თითქოს ხელისუფლებას უნდა, „დაახრჩოს" „რუსთავი 2" და დახუროს არხები - ხომ არ გავიწყდებათ, რომ სწორედ „რუსთავი 2"-ის მაუწყებლობის პირობებში ცდილობდით გამოგეყენებინათ ეს არხი ინსტრუმენტად არჩევნების პერიოდში. ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე არჩევნები და ეს არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა", - ამბობს თალაკვაძე.


უმრავლესობის ლიდერის თქმით, ჟურნალისტთა კორპუსს უმცირესობა შეურაცხყოფას აყენებს, როცა აცხადებს, რომ დამოუკიდებელი მედიასაშუალება მხოლოდ „რუსთავი 2"-ია.


„ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ რომელიმე ტელევიზია დავხუროთ და მეტიც, შეურაცხმყოფელია უბრალოდ მთელი ჟურნალისტთა კორპუსისთვის, როცა ამბობთ, რომ ისინი არიან კონტროლის ქვეშ და მხოლოდ „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი, ბატონი გვარამია არის თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი. თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა ჟურნალისტები არიან მორჩილები და მხოლოდ ბატონი ნიკა არის თავისუფალი ჟურნალისტი? - უბრალოდ სირცხვილია, ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებთ ჟურნალისტთა კორპუსს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner