„არ ღირს, დღეს ვიდავოთ იმაზე, ვის ეკუთვნის ევროპული არჩევანი. ეს არჩევანი ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ გააკეთეს. ამიტომაც ვთქვი ჩემს მილოცვაში, რომ ჩვენთვის ვიზა-ლიბერალიზაცია ჩვენს ძველ, ევროპულ სახლში დაბრუნებას ნიშნავს", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა „ახალ თაობას" განუცხადა.
მისი თქმით, სულხან-საბა ორბელიანის გარდა, ევროპისთვის სხვა ქართველებიც ისწრაფოდნენ, მითუმეტეს, რომ, როგორც მაჭავარიანი ამბობს, სწორედ საქართველოა ძირძველი ევროპული სახელმწიფო.
„სულხან-საბა მოგვიანებით იყო. მანამდე, იბერიის მეფე, ფარსმან ქველი, ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში, მაშინდელი იმპერატორის ანტონინუს პიუსის მიწვევით, რომში ოჯახთან ერთად ჩავიდა სტუმრად. ანტონინუსი ისე მოიხიბლა მისი ვაჟკაცობით, რომ რომაელებს მარსის ველზე ცხენზე ამხედრებული ფარსმან მეფის ქანდაკება დაადგმევინა. შემდეგ იყო ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, ქრისტიანული კულტურის კერები წმინდა ადგილებში. თუმცა ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ არ ღირს, დღეს ვიდავოთ იმაზე, ვის ეკუთვნის ევროპული არჩევანი. ეს არჩევანი ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ გააკეთეს. ამიტომაც ვთქვი ჩემს მილოცვაში, რომ ჩვენთვის ვიზა-ლიბერალიზაცია ჩვენს ძველ, ევროპულ სახლში დაბრუნებას ნიშნავს.
ამის გამო ერთი-ორი ჩემი მეგობარი, რომელთაც უდიდეს პატივს ვცემ, შემეკამათა, ევროპა არ არის ჩვენი სახლი, ჩვენი სახლი კავკასიააო. რა თქმა უნდა, კავკასიაა ჩვენი სახლი, მაგრამ ევროპისა და აზიის საზღვარი ხომ კავკასიაზე გადის. საქართველო კი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყოველთვის ევროპას ირჩევდა. იმიტომ, რომ სწორედ ჩვენ ვართ ძირძველი ევროპელები და ამის საუკეთესო გამოვლენაა ისიც, რომ ისლამური ქვეყნების სამეზობლოში, უდიდესი ძალისხმევის ფასად შევინარჩუნეთ მართლმადიდებლობა და ჩვემა პატარა ქვეყანამ, რომელიც მართლაც ჯვარს ეცვა ქრისტეს სჯულისათვის, შექმნა თავისი თვითმყობადი კულტურა და მსოფლიო ცივილიზაციაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა", - განაცხადა მაჭავარიანმა
როგორც ენძელა მაჭავარიანმა აღნიშნა, მიუხედავად ამხელა ისტორიისა, ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით ნაბიჯები 2012 წლის შემდეგ გადაიდგა.
„მოდით, ამაზე ნუ ვიკამათებთ. ვიზა-ლიბერალიზაცია არის 2012 წლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგი. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, მასზე ხელმოწერისათვის მნიშვნელოვანი იყო ის რეფორმებიც, რომლებიც 2012 წლამდეც განხორციელდა. თუმცა ევროპისკენ ნაბიჯები გაცილებით ადრე გადაიდგა", - ამბობს ენძელა მაჭავარიანი.