„პირველი არხის გაპარტახება ჯერ კიდევ თამარ კინწურაშვილის პერიოდიდან დაიწყო", - ამის შესახებ ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა.
ყანდიაშვილმა განაცხადა, რომ კინწურაშვილის შემდეგ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" „გაპარტახება" ყუბანეიშვილმა და ჭანტურიამ განაგრძეს. მისი თქმით, ახლა „საზმაუწყებელს" ასე აქტიურად იმიტომ განიხილავენ, რომ ყოფილი მმართველების საახლობლო წრე ტელევიზიას დატოვებს.
„პირველი არხის გაპარტახება ჯერ კიდევ თამარ კინწურაშვილის პერიოდიდან დაიწყო, როდესაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი" საპენსიო ფონდს დაამსგავსეს და ნაციონალების აქტივისტების თავშესაფრად აქციეს. სხვათაშორის, ეს ის თამარ კინწურაშვილია, რომელიც უშიშროების საბჭოში მუშაობდა და დღეს ჟურნალისტების უფლებებს იცავს! კინწურაშვილს მოჰყვა ყუბანეიშვილი, ჭანტურია... ვისაც როგორ შეეძლო, ისე გაანადგურა „საზოგადოებრივი მაუწყებელი"! ამ ადამიანებმა შეჭამეს ფულები, მე კი 2003 წლის შემდეგ, რაც გადაცემა დამიხურეს, იმ შენობაში ფეხი არ შემიდგამს. ახლა იმიტომ საუბრობენ ბევრს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" მათი საახლობლო წრე დაიფერთხება. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ბერძენიშვილმა ვინც მიიყვანა ტელევიზიაში, გგონიათ, ვინმე გაუშვეს?! ირაკლი ტაბლიაშვილი და მისი პირველი ცოლი, ქარდავაც იქ მუშაობენ, ოჯახური და ახლობლური კლანებია, მაგრამ არაფერი გამოუვათ, არგუმენტი არა აქვთ!" - აცხადებს კოკა ყანდიაშვილი.