logo_geo
eng_logo
მამა პეტრე: საზოგადოება ძალიან დაძაბულია და საჭიროა გაირკვეს სიმართლე
- +

14 თებერვალი. 2017. 00:58



13 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურატურამ სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროა - დეკანოზი გიორგი მამალაძე განზრახ მკვლელობის მომზადების (18;108) ბრალდებით დააკავეს.


ინფორმაცია შოკისმომგვრელი აღმოჩნდა არამხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ სამღვდელოებისთვისაც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას არ დაუსახელებია მაღალი იერარქიის რომელი სასულიერო პირის მოწამვლის ბრალდებით დააკავეს მამალაძე, ყველაფერი მიუთითებდა, რომ სამიზნე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო, რომელიც ახლა გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.


მამა პეტრემ (კვარაცხელია) presa.ge-სთან პროკურატურის განცხადების შესახებ ისაუბრა.


- საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია საუბრობენ საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაზე და ე.წ კლანებზე, მაგრამ პატრიარქის მოწამვლა ამ სიტუაციაშიც კი ძალიან სერიოზული ბრალდებაა. როგორი იყო თქვენი რეაქცია პროკურატურის განცხადებაზე?


- პროკურატურის განცხადების მოსმენის შემდეგ მთელი სამღვდელოება გაოგნებულია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი განცხადება. საუბარიც კი მიჭირს ამ თემაზე, არამცთუ დავიჯერო ეს ყველაფერი.


ღმერთმა ქნას, საბოლოოდ გამოიკვეთოს ის სიმართლე, რაც საზოგადოებას ძალიან აინტერესებს და იმედია, პროკურატურა დადგება მოწოდების სიმაღლეზე.


მე დიდ იმედს ვიტოვებ რომ არც მამა გიორგი მამალაძე და არც სხვა არცერთი სასულიერო პირი მსგავს ქმედებას "ხელს არ მოაწერდა" და არ ჩაიდენდა ასეთ უბედურებას. ასევე დიდი იმედი მაქვს, მამა გიორგის ეს ბრალდება მოეხსნება.


აქ საუბარი მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის ლიკვიდაციაზე არ არის, აქ ერისა და ეკლესიის ღალატთან გვაქვს საქმე.


ეს ყველაფერი უთანაბრდება იმას, რაც თავის დროზე მოხდა ილია ჭავჭავაძის, პატრიარქი კირიონ მეორის მკვლელობის დროს, მაგრამ მე ვერ ვიჯერებ და ვერ ვუშვებ იმას, რომ რომელიმე სასულიერო პირს ასე ხელაღებით შეეძლო პატრიარქის ღალატი.


საზოგადოება ძალიან დაძაბულია და საჭიროა გაირკვეს აბსოლუტური სიმართლე ამ ინციდენტთან დაკავშირებით. საჭიროა მსგავსი ქმედების განმახორციელებელ ადამიანს პასუხიც სათანადოდ გაეცეს.


- როგორ ფიქრობთ, პატრიარქის საქართველოში დაბრუნება თუ მაინც მოჰფენს ნათელს ამ შემთხვევას?


- ჩვენთვის მთავარია რომ პატრიარქი გადარჩა. ამას სრულიად ერი ზეიმობს. რა მოხდება შემდეგ, ჩვენთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა, მთავარია, მწყემსი კეთილი დაუბრუნდება სამშობლოს.

 

 

 

წყარო: http://presa.ge

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner