„თავიდან ავიღეთ რეფორმის ნულოვანი ვარიანტი - სწრაფად დაიხუროს ყველა გადაცემა და კონკურსის წესით შემოვიდეს ახალი. ახლა ვთქვით, კი ბატონო, ის გადაცემები, რომლებიც არხის საშუალო რეიტინგზე მაღალია, ან რომელიც არხის საშუალო რეიტინგს უტოლდება, დარჩეს. ვინც მაყურებელს ვერ იზიდავს, უნდა დაიხუროს", - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ „პრაიმტაიმს" განუცხადა.
როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, ტელევიზიაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა, ამიტომ რეორგანიზაცია აუცილებელია. თავდაპირველად იგეგმებოდა არხზე არსებული ყველა გადაცემის დახურვა, გარდა „მოამბისა", თუმცა ამჯერად, გადაწყდა, რომ გადაცემების გარკვეული ნაწილი ეთერში დარჩეს.
„ერთ რამეზე არავინ დავობს და ყველა ვთანხმდებით, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" სისტემურ კრიზისშია. ამ კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ. ჩვენ წარვადგინეთ ნულოვანი გეგმა - გადაცემების დახურვა და სწრაფი რეორგანიზაცია. ვიცოდით, გარკვეული კომპრომისების გაკეთება აქაც მოგვიწევდა. გრძელი ნაბიჯებით გზა რეფორმისკენ, დღეს უფრო მოკლე ნაბიჯით შეიცვალა, მაგრამ არც ერთი ნაბიჯით უკან. უფრო მოკლე ნაბიჯით ჩვენ ვთქვით: გადაცემების გარკვეული ნაწილი დარჩეს.
როცა ნულოვან ვარიანტზე ვსაუბრობდით, ვგულისხმობდით იმასაც, რომ არ ყოფილიყო არანაირი სუბიექტური ჩარევა. დაბალი რეიტინგი გადაცემებს ზოგჯერ არა თავად გადაცემის ხარისხის გამო აქვს, არამედ სხვა მიზეზითაც - თავად არხს აქვს დაბალი რეიტინგი, უფრო ზუსტად, მძიმედ დაბალი რეიტინგი.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" წილი ბაზარზე კატასტროფულად დაბალია, 2%-საც კი ვერ აღწევს, ევროპაში კი ასეთი მაუწყებლების წილი ბაზარზე 50% და ზოგან 60%-საც კი აღწევს. საქართველოში კი „საზოგადოებრივი მაუწყებელი" თამაშიდან, ფაქტობრივად, საერთოდ გასულია. წლების განმავლობაში შეიძლება ხელოვნურადაც ტოვებდნენ ამ არხს თამაშგარე მდგომარეობაში.
კრიზისიდან გამოსვლის ალტერნატიული გეგმა არც დაწერილი მინახავს და არც ვინმეს წამოუყენებია რაიმე იდეა, თორემ მზად ვარ, განვიხილო", - ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.
როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორი აცხადებს, ამ ეტაპზე მის მთავარ პრიორიტეტს ტელევიზიის კრიზისიდან გამოსვლა წარმოადგენს. მისი თქმით, აუცილებელია არხი იყოს კონკურენტუნარიანი.
„პირველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანაა, რაც მე პროგრამაშიც მეწერა და რაც მნიშვნელოვანია და რაზეც მიდის წინააღმდეგობა. ჩვენ გვინდა, რომ ტელევიზია გახდეს კონკურენტუნარიანი, იბრძოლოს ამ კონკურენციისთვის - სწორედ ამ მიზანს ჰყავს მოწინააღმდეგეები. ამბობენ, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ევალება, იყოს კონკურენციაში კომერციულ არხებთანო, ჩვენ პრინციპულად გვგონია, რომ ევალება. იქ, სადაც ასეთი მოსაზრება დამკვიდრდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს 2%-მდე რეიტინგი აქვს და სადაც კონკურენტუნარიანია, იგივე გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში ჩეხეთში, ესტონეთში, დანიაში გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს", - აცხადებს მაღლაფერიძე.