„ეკლესიის ისტორია არ იცნობს მსგავსი ტიპის კონფლიქტს, როდესაც საქმე ეხება ადმინისტრაციულ მმართველ ორგანოებს", - ამის შესახებ პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ანდრიაძემ „არჩევანის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.
„აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ნებისმიერ საზოგადოებაში, ასევე არსებობს ეკლესიაში, რომლის წევრები ადამიანები არიან. ისტორიაში ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ეკლესიის ისტორია არ იცნობს მსგავსი ტიპის კონფლიქტს, როდესაც საქმე ეხება ადმინისტრაციულ მმართველ ორგანოებს. ეკლესიამ იცის კონფლიქტი და დაპირისპირება მხოლოდ სწავლებით საკითხებზე, დოგმატურ საკითხებზე. ის, რომ ეპისკოპოსი ედავებოდეს ეკლესიის მეთაურს, კათოლიკოს-პატრიარქს, რატომ გყავს ეს მდივან-რეფერენტი და სემინარიაში რატომ არის ეს რექტორიო, ასეთი რამე მსოფლიო ეკლესიის ისტორიამ არ იცის", - ამბობს გიორგი ანდრიაძე.
როგორც გიორგი ანდრიაძე აღნიშნავს, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი უწევს.
„ეს არის უკვე, როგორც მე არაერთხელ განვაცხადე, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, იმ ძალების მიერ, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდით, ხან კონსტიტუციურ შეთანხმებაზე მოახდენდნენ აპელირებას, ხან ეპისკოპოსეპის ჯიპებზე, ეს კი მიდიოდა წლების განმავლობაში.
ეს იყო ის NGO-ების ჯგუფი, რომელიც გაკოტრდა და წააგო ბრძოლა საზოგადოების წინაშე, ამიტომ ისინი გაქრნენ და დღეს სახეზე გვაქვს შიდა დაპირისპირების ორგანიზება. ამ კამპანიის შედეგი უკვე ფაქტობრივად მიღწეულია, პირველი შედეგი, ეს არის საზოგადოების ზომბირება და მასზე ზეწოლა. როგორც მრევლი მართლმადიდებელი ეკლესიისა, ისე ზოგადად საზოგადოება არის შეშფოთებული, დაპირისპირებული, არის უამრავი კითხვა, ეს მიზანი მიღწეულია", - განაცხადა ანდრიაძემ.