„მენეჯმენტი ან ბორდი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი გადაცემა დარჩეს ან არ დარჩეს, ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის მაყურებელი მიიღებს, ჩვენ ეს გვინდა. ნუ ვასწავლით მაყურებელს ჭკუას და მას ის უნდა მივაწოდოთ, რაც მოსწონს", - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ „პრაიმტაიმს" განუცხადა.
მაღლაფერიძეს თქმით, ყველა ის გადაცემა, რომელიც მწვანე ველში მოხვდა, ანუ არხის რეიტინგზე მაღალია, ეთერში დარჩება, ასევე ეთერში დარჩება ყვითელ ზონაში მოხვედრილი გადაცემები, ანუ, რომელიც უტოლდება არხის რეიტინგს. მაღლაფერიძემ ის გადაცემები ჩამოთვალა, რომელიც ეთერში გასვლას გააგრძელებს.
„რამდენიმე დღის წინ საზოგადოების წარმომადგენლებს შევხვდი, მეუბნებოდნენ, ამ რეიტინგების მიხედვით რომ ცდილობთ გადაცემების ბედის გადაწყვეტას, ისე არ აღმოჩნდეს, რომ მაყურებელს არც წიგნი აინტერესებს, არც თეატრი და არც კინოო. რატომღაც ითვლება, რომ მაყურებელი მხოლოდ მდარე ხარისხისა და თემატიკის გადაცემებს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, ამ კვლევამ აჩვენა, რომ ასეთი შეხედულებები მცდარია. ყველაზე მაღალი რეიტინგი „გამომძიებელ რეპორტიორს" აქვს. ანუ ადამიანებს აინტერესებთ პრობლემატიკა და კიდევ მეტად დაინტერესდებიან, ეს რომ კარგად გაკეთდეს. აინტერესებთ „გურმანი", ცოცხალი და საინტერესო გადაცემაა. აინტერესებთ „ფერმა", არადა, „ფერმაზე" ამბობდნენ: აი, თქვენ დახურავთ „ფერმას", რეიტინგული არ არისო, აღმოჩნდა, რომ რეიტინგულია, თურმე თეატრიც აინტერესებთ - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ" რეიტინგულებშია, მაყურებელი ჰყავს „ტელებლოგს", „წიგნების თაროს", „პირად ექიმს", „სიტყვებით თამაშს" და სხვა.
სასიამოვნოდ გამიკვირდა ძალიან, „დღე მუზეუმში" რომ მოხვდა რეიტინგებში, ის ყვითელ ზონაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რეიტინგი არხის რეიტინგს უახლოვდება. მაყურებელს, ასევე, აინტერესებს რადიო „თავისუფლების" პროექტი „ინტერვიუ", რომელიც სალომე ასათიანს მიჰყავს", - ამბობს მაღლაფერიძე.