ავტორი სალომე უერთაშვილი
ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, ვასილ მაღლაფერიძე ვერ იძლევა იმედს, რომ მისი არხი იქნება ობიექტური.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი გენერალური დირექტორი, არა მგონია, ბევრს აძლევდეს იმედს, რომ იგი გადასხვაფერდება და იქნება ობიექტური. მისი პირველივე განცხადება იყო შოკისმომგვრელი. პრაქტიკულად, ის მზად იყო, დაებნელებინა პირველი და მეორე არხის ეკრანები და რომ არა ძალიან სწრაფი რეაგირება საზოგადოებისა, შეიძლება, ასეც მომხდარიყო. ნამდვილად არ მშურს ახალი მენეჯმენტის და მაკვირვებს სამეთვალყურეო საბჭოს ზოგერთი წევრის სიმშვიდე.
საბჭოს წევრებს ვთხოვდი, გაიხსენონ საბჭო და შერცხვეთ, თუ კვლავ წამოსცდებათ სიტყვა „ბორდი" , ამისთანა რა „დაბორდება" მოუვიდათ, რომ ქართული ვეღარ დაიმახსოვრეს? ალბათ, პირველ არხს ჯერ კიდევ წინ აქვს ყველაზე მძიმე ნაბიჯები გადასადგამი, რადგან აბობოქრებულია ცალკე აღებული თითოეული გადაცემა. თითოეულ გადაცემას ხარჯში უთვლიან შენობის განათებას, წყლის ხარჯებს და სხვა ასეთ სიტუაციას, რომელსაც პირდაპირი შეხება გადაცემებთან არ გააჩნია. ნათქვამია, „რასაც დასთეს იმას მოიმკიო", ბატონმა ახალმა გენერალურმა დირექტორმა დათესა, რაც მას ხელთ ჰქონდა, დაველოდოთ მომკვის პერიოდს", - ამბობს ცისკარიშვილი.
სოსო ცისკარიშვილი რეიტინგის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" რეიტინგი კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებულია. როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, ტელევიზიას მოსახლეობა აფინანსებს, ამიტომ საინფორმაციო ბადის შედგენისას მოქალაქეების აზრი უნდა იქნას გათვალისწინდეს.
„მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ტერმინი „რეიტინგული" ახალი დირექტორის ცნობიერებაში რომელიმე ბიზნესმენისგან დამკვიდრდა. საზოგადოებრივი ტელევიზია რეიტინგებზე რომ მუშაობდეს, შესაბამისი შემოსავალიც უნდა ჰქონოდეს, მაგრამ მას ჩვენი მოსახლეობიდან მიღებული თანხები გააჩნია, ამიტომ მისი ინტერესები უნდა დააკმაყოფილონ", - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.