ავტორი სალომე უერთაშვილი
„ის ფული, რომელიც არის გამოყოფილი „საზმაუწყებლისთვის", არის თითოეული მოქალაქის ჯიბიდან ამოღებული, შესაბამისად, მენეჯმენტის ყველა წარმომადგენელი, რომელიც გადაწყვეტს, განახორციელოს საკუთარი პოლიტიკა, კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ საუბარი არის ხალხის ფულზე და ხალხის ფულით დაფინანსებულ ტელეკომპანიაზე", - ამის შესახებ „ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ანი მიროტაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსების დაზოგვის მიზნით თანამშრომლები სამსახურიდან არ უნდა გაუშვან. მისი თქმით, ტექნიკის გადაიარაღებისთვის წინა მოწვევის პარლამენტმა ტელევიზიას საკმაოდ დიდი თანხა გამოუყო და თუ არ მოხდა ახალი ტექნიკის შეძენა, მაშინ ეს საქმე გამოსაძიებელია.
„ის ვნებათაღელვა, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ირგვლივაა, ლოგიკურია. პროცესები, რომელიც წლების განმავლობაში ტელევიზიაში, განსაკუთრებით კი ფინანსებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, არ იყო გამჭვირვალე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა წარიმართება გამჭვირვალედ, შესაბამისად, საგამოძიებო უწყებებმა აქედან უნდა დაიწყონ, ანუ თუ გაიფლანგა ეს ფული და იყო ე.წ. „კარმუშკა", რატომ იყო, როგორ იყო, ჰყავს თუ არა ამას დამნაშავე და თუ ჰყავს დამნაშავეები, ისინი უნდა დაისაჯონ და არა რიგითი თანამშრომლები, რომელთა ხელფასი 1000 და 1500 ლარს არ აღემატება. წარმოუდგენელია, 1000-კაციანი კოლექტივი ერთი წლით ქუჩაში გაუშვა და მათ არ იცოდნენ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მე მგონია, რომ არასწორია, როდესაც მენეჯმენტი არ წარმოადგენს ხედვას, თუ როგორ წარმოუდგენია, როგორი უნდა იყოს ზოგადად „საზმაუწყებელი" და იწყებს ბოლოდან, ანუ თანამშრომლების გათავისუფლებიდან. მე ვერ გავიგე, რატომ იყვნენ ის თანამშრომლები შეუსაბამო ან რასთან იყვნენ შეუსაბამო, ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა, რომ თურმე თანხის დაზოგვა სჭირდებათ, რათა მოხდეს გადაიარაღება. სხვათა შორის, წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც კანონს ვიღებდით, ეს გათვალისწინებული იყო, როდესაც „საზმაუწყებელს" საკმაოდ მაღალი ბიუჯეტი მივეცით. თუ გადაიარაღება არ მოხდა, ეს რიგითი თანამშრომლის ბრალი არ არის. ეს არის მაშინდელი მენეჯმენტის ბრალი და მაშინ მათ მოჰკითხონ, რატომ არ მოხდა და როგორ არ გადანაწილდა თანხები შესაბამისად", - ამბობს მიროტაძე.