18 თებერვალს ტელეკომპანია „ობიექტივმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვა არასრული იყო. გავრცელებულ მიმართვაში ეპიზოდი, სადაც ილია მეორე მამა გიორგიზე ლაპარაკობს, არასრულია.
„კვირის პალიტრა" პატრიარქის მიმართვის სრულ ვერსიას ავრცელებს.
„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა, რატომ მოხდა, მამა გიორგი რომ ამბობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს? მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში. ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო", - ამბობს პატრიარქი.