„გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, რა იყო „ციანიდის საქმის" მთავარი მიზანი - კონკრეტული პირის მოწამვლა, ტახტისთვის ბრძოლა თუ რაღაც კიდევ უფრო მეტი, მაგალითად, ქვეყანაში სრული დესტაბილიზაციის მოწყობა", - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „პრაიმტაიმს" განუცხადა.
როგორც სუბარი აღნიშნავს, დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ეკლესიის თემის გარშემო საუბრობდნენ, შედეგად, მიზანმიმართულად დამკვირდა აზრი, თითქოს „ქართულ ოცნებასა" და საპატრიარქოს შორის იყო დაპირისპირება.
„კითხვები შეგვიძლია დავსვათ, ვინ შეიძლება იდგას ამის უკან - რომელიმე მეზობელი ქვეყანა თუ ის ძალები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გვირაბებს „თხრიდნენ" უკრაინიდან. ეს კითხვები არსებობს, რადგან დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებამდე ორი-სამი კვირით ადრე „ნაციონალური მოძრაობის" წევრები იწყებენ უცნაურ საუბრებს ეკლესიის თემაზე. მაგალითად, პარლამენტში სრულიად სხვა თემაზე გამოდის აკაკი ბობოხიძე და თავის სიტყვას მოულოდნელად ამთავრებს თემით, როგორ ვერ იტანს „ქართული ოცნება" პატრიარქს. მერე იყო „რუსთავი 2"-ით რაღაც აბსურდულ ჩანაწერებზე საუბარი, სადაც თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდად იხსენიებს პატრიარქს. ანუ მიზანმიმართულად მკვიდრდებოდა აზრი, თითქოს არსებობს რაღაც დაპირისპირება საპატრიარქოსა და „ქართულ ოცნებას" შორის. თავს არ მივცემ უფლებას, შორსმიმავალი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ კითხვები, ალბათ, უნდა დავსვათ", - აცხადებს სუბარი.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა შორენა თეთრუაშვილის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, პატრიარქი ენდობა თეთრუაშვილს, ეს კი მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგია.
„30 წელია, პირადად ვიცნობ მის უწმინდესობას და ამდენივე წელია, ვიცნობ შორენა თეთრუაშვილსაც. ერთადერთი, რაც ამ ადამიანისთვის არსებობს, ეს არის უანგარო თავდადება ეკლესიისთვის და პატრიარქისთვის. ვიღაცას შეიძლება აღიზიანებს მისი გავლენა პატრიარქთან, მაგრამ ამ გავლენას ერთადერთი საფუძველი აქვს - ეს არის პატრიარქის ნდობა მისადმი. ამ ნდობის საფუძველი სწორედ მისი უანგარო ერთგულებაა, თორემ მათი ურთიერთობის დაახლოებით 4 ათეული წლის განმავლობაში ეს ურთიერთობა და ნდობა მრავალჯერ დაირღვეოდა", - აღნიშნავს სოზარ სუბარი.