„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ „სამხრეთ ოსეთი" დე-იურე საქართველოს შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, მას არ გააჩნია რაიმე ბერკეტი, მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჰააგის პროკურატურას ჩვენს სამხედროებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 30 ქართველ სამხედროზე ძებნის გამოცხადების მოთხოვნით რუსეთს მიმართა.
როგორც ირაკლი სესიაშვილის აღნიშნავს, თუ დე-ფაქტო ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ქართველ სამხედროებზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს, ეს იქნება კონტრზომა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.
„ეს არის თავიდანვე ტყუილი, თუმცა, თუკი ისინი გამოიყენებენ იმ ბერკეტს, რომ რუსეთის საშუალებით ჩვენი სამხედროების საერთაშორისო ძებნა მოითხოვონ, თავისთავად ცხადია, ეს ყველასთვის გასაგები სვლა იქნება, რომ ეს არის კონტრზომა იმაზე, რომ ჰააგის სასამართლო 2008 წლის ომთან დაკავშირებით სერიოზულ პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსეთს და დე-ფაქტო ხელისუფლებას, იმდენად, რამდენადაც ადგილი ჰქონდა ეთნოწმენდას, მთელ რიგ საერთაშორისო დანაშაულებს. ამიტომ ეს კონტრზომა ჩვენ უნდა დავინახოთ როგორც ერთგვარი იაფფასიანი პიარკამპანია და არა ის, რომ რეალურად ჩვენს სამხედროებს რაიმე დაემუქროს", - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
მისივე თქმით, თუკი რუსეთი მოითხოვს ქართველი სამხედროების საერთაშორისო ძებნას, ეს ინფორმაცია საქართველოსთვის ცნობილი გახდება და მთავრობა მოახდენს რეაგირებას, რომ მათ საერთაშორისო ძებნა მოეხსნათ.
როგორც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა განაცხადა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო „სამხრეთ ოსეთს" არ აღიარებს, რადგანაც საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევს. ამიტომ ჯაგაევმა რუსეთს 30-ზე მეტი ქართველი სამხედროს გვარი გადასცა და საერთაშორისო ძებნაში დახმარების თხოვნით მიმართა.