„მამა გიორგი მამალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად ვთანამშრომლობდით ერთმანეთთან და იგი მაწვდიდა მნიშვნელოვან ინფორმაციებს საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც მე პრესასა და სოციალურ ქსელებში ვაქვეყნებდი", - ამის შესახებ „ციანდის საქმის" მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა. როგორც მამალაძე ამბობს, პროკურატურამ გამოძიება სწორედ მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო.
„მთავარმა პროკურორმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა - ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე შევიტყვეთ, რომ იგეგმებოდა მაღალი სასულიერო იერარქის მკვლელობაო! ეს სრული სიმართლეა! დიახ, მე სწორედ იმიტომ მივმართე პროკურატურას, რომ მაღალი სასულიერო იერარქის ლიკვიდაციის საფრთხე დავინახე!
მე ძალიან აქტიური კავშირი მქონდა მამა გიორგისთან. დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩემი ძმისშვილის ნათლიაა. პროკურატურას ყველა მტკიცებულება აქვს, თუმცა გეტყვით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, რომელიც საშინლად მძიმე მოსასმენია, რადგან ასახავს მკვლელობის მომზადების მთელ პროცესს", - ამბობს მამალაძე.
„ციანიდის საქმის" მთავარი მოწმის ინფორმაციით, მას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რომ ხშირად იღებდა მისგან საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუმცა იხსენებს რამდენიმე მომენტს, რომელმაც ეჭვები გაუჩინა.
„ამ ადამიანებთან ურთიერთობაში ისეთი მომენტიც „დავიჭირე", რომელიც ძალიან მეხამუშა და არ მომეწონა. მაგალითად, ერთ-ერთი საუბრის დროს კითხვა დავსვი - პატრიარქი ასე ცუდად რომ არის, საზღვარგარეთ რატომ არ მიჰყავთ-მეთქი? ამაზე ერთ-ერთმა ხელის აქნევით მიპასუხა - უჰ, ძალიან ძვირი ჯდებაო. მეუფე პეტრე პირდაპირ კავშირშია ამ წრესთან. მამა გიორგის ადვოკატიც მეუფე პეტრემ აუყვანა", - აღნიშნავს მამალაძე.