ავტორი სალომე უერთაშვილი
„ციანიდის საქმე" არის კატასტროფულად რთული და ცუდი, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საპატრიარქოში საღი ადამიანები გაცილებით მეტნი არიან და შეძლებენ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ვითარება როგორც ეკლესიისთვის, ასევე ქვეყნისთვის საშიში და სავალალოა.
„შევხედოთ მხოლოდ ერთი პოზიციიდან, ჩვენთვის საპატრიარქოს და ეკლესიის სიჯანსაღე არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თავისთავად ის, რომ საპატრიარქო გარკვეულ სკანდალში გაეხვია - საპატრიარქოს მესვეურთა სისუსტეა. შიდა პრობლემები მათ უნდა მოაგვარონ, ჩვენ გარედან მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ეკლესიის დაკნინება, სხვა დინებების გაჩენა, ე.წ. ლიბერალური შეხედულებები რწმენასთან, ქცევასთან, მორალთან და ზნეობასთან დაკავშირებით, ყველასთვის დამანგრეველი იქნება. „ციანიდის საქმე" არის კატასტროფულად რთული და ცუდი. აშკარაა, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია, რადგან ეს ყველაფერი დაანგრევს ეკლესიას და ჩვენს ქვეყანს", - აცხადებს გიორხელიძე.
დემურ გიორხელიძე საპატრიარქოს დაფინანსების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ „რესპუბლიკელების" აზრი არ აინტერესებს, თუმცა, დაფინანსება გადასახედია, მისივე თქმით, ყველა სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, აუდიტს უნდა ექვემდებარებოდეს.