ავტორი სალომე უერთაშვილი
„ყველაფერი არის „რუსთავი 2"-ის მიერ კარგად აგორებული თემა", - ამის შესახებ „მრეწველთა პარტიის" ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, დავა ორ კერძო პირს შორის მიმდინარეობს და საქმეში პოლიტიკური ინტერესები არ იკვეთება.
„არ მგონია, რომ „რუსთავი-2"-ის გარშემო რაიმე მოვლენები მიმდინარეობდეს, „რუსთავი 2" ყოველთვის ცდილობს, რომ ეპიცენტრში იყოს, უნდა, დაჩაგრული ტელევიზიის როლში მოგვევლინოს. ყველა ვხედავთ და თვალნათლივ ვუყურებთ, რომ ის არ არის დაჩაგრული, არც არავინ აპირებს, რომ დაჩაგროს და ბუნებრივია, ვერც ვერავინ დაჩაგრავს.
არავითარი პოლიტიკური ინტერესები ამ პროცესში არ მიმდინარეობს. თქვენ კარგად იცით, წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ინტერესების განხორციელება როგორ ხდებოდა და ახლა, იმის შემხედვარე და იმის გამხსენებელი, როგორ გგონიათ, დღესაც პოლიტიკური ინტერესებია იკვეთება? იქ დავობს ორი მხარე და იდავონ სასამართლოში. ყოველ შემთხვევაში, „რუსთავი 2"-ის ადმინისტრაციას, მის სარედაქციო პოლიტიკას, ჟურნალისტებს არავინ ეხება. დავა მიმდინარეობს ორ მეწარმეს შორის და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.
ყველაფერი არის „რუსთავი 2"-ის მიერ კარგად აგორებული თემა, ეს ძალიან კარგად ეხერხებათ და ამ კუთხით პროფესიონალები არიან. დანარჩენი სხვა კი, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაიტანონ", - ამბობს ტყემალაძე.