logo_geo
eng_logo
ლევან ჩხეიძე: არჩევნებზე „ქრისტიან-დემოკრატების“ რესურსებით ისარგებლა „დემოკრატიულმა მოძრაობამ“
- +

3 მარტი. 2017. 16:19



„ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გოჩა ჯოჯუამ და ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქრისტიან-დემოკრატებსა" და ნინო ბურჯანაძეს შორის დავის შესახებ ისაუბრეს.


როგორც მათი ადვოკატი ლევან ჩხეიძე აღნიშნავს, 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე, გაიმართა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ყრილობა, რომელიც  ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტებმა ჩაატარეს და „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში" თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე აირჩიეს. მისი თქმით, ეს იყო აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება, რადგანაც ყრილობას ესწრებოდა მხოლოდ 15 „ქრისტიან-დემოკრატი". ადოკატის განცხადებით, ამის შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" მიმართა საქალაქო სასამართლოს.



„პირველი ინსტანციის სასამართლომ, როდესაც გამოიკვლია ეს საკითხი, გააუქმა ე.წ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ყრილობის ოქმი და აღადგინა პირვანდელი მდგომარეობა. აღნიშნული საკითხი გაასაჩივრა მეორე ინსტანციაში ნინო ბურჯანაძემ, შესაბამისად, საპროცესო მართვამ მაქსიმალურად ეფექტურად და ობიექტურად ამოწურა ყველა შესაძლებლობა, არ დატოვა გასაჩივრების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი, ისე დეტალურად მიმოიხილა საქმისათვის არსებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება. ამის შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარეს სხვა არაფერი ჰქონდა დარჩენილი, რომ გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში.

 

საერთოდ, ეს ყველაფერი ნინო ბურჯანაძეს სჭირდებოდა იმიტომ, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" გახლდათ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, მას ჰყავდა წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში, ჰქონდა სახელმწიფო დაფინანსება ბიუჯეტიდან და უფასო სარეკლამო დრო. აი, ეს სჭირდებოდა ნინო ბურჯანაძეს, ჯამში ეს ყველაფერი შეადგენს რამდენიმე მილიონის აქტივს თითოეული არჩევნებისათვის. ნინო ბურჯანაძემ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" აქტივით ისარგებლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და სურდა, თვითმმართველობის არჩევნებიდან უკვე საპარლამენტო არჩევნებზეც გამოეყენებინა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" აქტივი, ანუ კომისიაში წევრი, სახელმწიფო დაფინანსება და უფასო სარეკლამო დრო - ეს რომ გამოეყენებინა, სწორედ ამიტომ მიმართა საჩივრით უზენაეს სასამართლოს. უნდა ვთქვათ, რომ უზენაესი სასამართლოს ქმედებები უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც უზენაეს სასამართლოში, როგორც წესი, არ საჩივრდება საქმის ფაქტობრივი მხარე, საჩივრდება მხოლოდ საქმის სამართლებრივი მხარე. არცერთი სამართლებრივი გარემოება ბურჯანაძესა და მის მომხრეებს არ გაუხდიათ სადავო, სადავო გახდა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ მაქსიმალურად გააჭიანურა ეს საქმე. როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოძიება, თუ საიდან მოდიოდა ეს პრობლემა, მივადექით გარკვეულ წყაროებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ წინა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობა პირადად იყო ჩართული უზენაეს სასამართლოზე ზეწოლაში. ნინო ბურჯანაძე დადიოდა დიპლომატიურ კორპუსში და ავრცელებდა ისეთ ინფორმაციას, თითქოს ხელისუფლება ჩვენი სახით ებრძვის „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას".

 

უზენაესმა სასამართლომ გადააცილა 4 თვე კანონით განსაზღვრულ 6-თვიან ვადას საქმის განხილვისას და აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა ამით „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", რამეთუ სრულიად სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ისარგებლა ორ არჩევნებზე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კუთვნილი რესურსებით, საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრებით, უფასო სარეკლამო დროით და რამდენიმემილიონიანი დაფინანსებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად, შექმნა ბლოკი უკვე თავის პარტიასთან და შემდეგი სამი წლითაც, რაც დარჩა ის დაფინანსება, რომელიც მოიპოვა „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ", ისიც კი შუაზე უნდა გაუყოს ბურჯანაძის პარტიას", - აცხადებს ჩხეიძე. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner