ავტორი სალომე უერთაშვილი
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სომხეთისა და რუსეთის მიერ აფხაზეთში რკინიგზის გაყვანის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ უარყოფით შედეგებთან ერთად, ამ პროცესს შესაძლოა დადებითი შედეგებიც ახლდეს თან.
„ეს თემა 90-იანი წლებიდან მოდის. საინტერესოა ერთი რამ, თვითონ აფხაზებს არ უნდათ ეს რკინიგზა - ქართული გავლენა გაიზრდებაო. ამ დროს ქართველები ვიძახით, ჩვენ არ გვინდა, რუსული გავლენა გაიზრდებაო. მოდი ვთქვათ, რომ თუ შესაბამის პირობებს კარგად მოვაგვარებთ, ეს ხელსაყრელია ჩვენთვის. სამედიცინო დახმარებას იყენებ ურთიერთობისთვის, ახლა რაღაც ვიზაზე არის საუბარი, ურთიერთობისთვის გამოგვადგება აფხაზებთან და ოსებთან და რკინიგზა არ გამოგვადგება ურთიერთობისთვის? თუ გამოიყენებ კარგად, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოგვადგეს. ვთქვათ, რომ ჩვენს ინტერესში არის. ეკამათონ ერთმანეთს აფხაზები, რუსები და სომხები, ჩვენ რატომ შევდივართ ამ კამათში და რატომ გვიჩნდება რეაქცია? ჩვენთვის ეს შეიძლება აღმოჩნდეს ხელსაყრელი, ოღონდ ვიმეორებ, აზერბაიჯანისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვის არ არის ხელსაყრელი, რუსეთიც პასიურია, რადგანაც მასაც არ აწყობს ამათი გადამტერება. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ წყნარად შეგვიძლია, ამ საკითხის მომწიფება მივანდოთ დაინტერესებულ მხარეებს, თუ გადაწყდება, იქაც შეგვიძლია ჩვენთვის სასარგებლო რამ ვიპოვოთ, თუ არ გადაწყდება, ხომ მითუმეტეს, როგორცა ვართ, ისე ვიქნებით", - განაცხადა საყვარელიძემ.