ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ლტოლვილთა ბანაკების საქართველოში განთავსების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის ინიციატივაზე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ისაუბრა. არეშიძის აზრით, ლტოლვილთა თემა საქართველოში ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს არ უკავშირდება. ექსპერტის თქმით, საქართველოს მკაფიო და კატეგორიული პოზიცია უნდა ჰქონდეს და როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს დასავლეთიდან, საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს.
„ლტოლვილთა თემა არ არის ვიზა-ლიბერალიზაციის საპასუხოდ. ეგვიპტეზეც არის საუბარი და იქაც ვიზა-ლიბერალიზაციაა? აქ სულ სხვა თემაა. საქართველო დასავლეთის მოკავშირედ მოიაზრება და ეტყობა, აქედან გამომდინარე გაჩნდა ეს სურვილი. ეგვიპტე კი დასახელდა იმიტომ, რომ არაბები არიან დევნილები და არაბულ სამყაროში დღეს ეგვიპტე ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანაა და მოშორებული ამ კონფლიქტების ზონას. ასევე აქ მნიშვნელოვანია თურქეთის ფაქტორი.
დასავლეთში დღეს თურქეთი აღარ აღიქმება ისეთი ტიპის მოკავშირედ, როგორიც იყო ადრე. აქედან გამომდინარე ორჭოფობა ამ ქვეყნის მიმართ არსებობს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ლტოლვილთა ბანაკების განთავსება კურცმა მოინდომა თურქეთის გარშემო მყოფ ქვეყნებში. ანუ თურქეთიდან ერდოღანის მიერ გამოყრილი დევნილები უნდა განთავსდნენ სწორედ მის გარშემო ქვეყნებში. ვფიქრობ, სწორედ ეს თემაა, აქ თურქეთის ფაქტორია მთავარი და არა - ვიზა-ლიბერალიზაცია.
ჩვენ უნდა ვნახოთ, რა რაოდენობის დევნილები მიიღო ევროპამ, ეს ციფრი შეგზარავთ. მილიონზე მეტია! ამის 10% მაინც რომ წამოვიდეს საქართველოში, საქართველო დაიღუპება. საუბრები იმის თაობაზე, რომ ევროპა ამაში ფულს გადაიხდის და ის შეინახავს დევნილებს, საზოგადოებრივ აზრს ვერ შეცვლის! ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ის, რაც გააკეთა პოლონეთმა, რაც გააკეთა უნგრეთმა და ზოგიერთმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ.
საქართველო ძალიან მყარად უნდა დადგეს და არ უნდა დაუშვას, რომ ეს იდეა განხორციელდეს. პოზიცია უნდა იყოს მკაფიო და კატეგორიული! უნგრეთის ტერიტორიაზე დღეს ცხოვრობს დაახლოებით 3 ათასამდე დევნილი და უნგრეთი ცდილობს, რომ ეს 3 ათასიც როგორმე თავისი ტერიტორიიდან გაიყვანოს. ამ რაოდენობასაც კი ვერ იტანს დღეს უნგრული საზოგადოება. კედლის მშენებლობაც კი დაიწყეს დღეს უნგრელებმა სერბეთის საზღვარზე.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს დასავლეთიდან, ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.