„ვფიქრობ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ორი მიმართულებით - ამ დღეებში მიმართოს სტრასბურგს და მიღებულ გადაწყვეტილებაზე მოსთხოვოს ახსნა-განმარტება. მაგრამ პარალელურად დაიწყოს აღსრულების პროცესი და „რუსთავი 2" გადასცეს მის კანონიერ მფლობელს!" - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა.
ფოფხაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღებაში ნაციონალები მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტო არ არის.
„არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ მსგავსი პრეცედენტი სტრასბურგის სასამართლოს ისტორიას არ ახსოვს. როცა ერდოღანმა თურქეთში მედიასაშუალებები დახურა, სტრასბურგმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლო არ გახლავთ კომერციული დავების განხილვის ასპარეზი, ამდენად, „რუსთავი 2"-ის საქმე, ანუ ყარამანიშვილებსა და ქიბარ ხალვაშს შორის ატეხილი დავა სტრასბურგის კომპეტენცია არ არის!
სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო! ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია... სტრასბურგის სასამართლოს მორიგე მოსამართლეს კეთილი უნდა ენება და „რუსთავი 2"-ის საჩივარში მოყვანილი ფაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან გადაემოწმებინა. სწორედ ამიტომ შემაქვს იმ მორიგე მოსამართლის კეთილსინდისიერებაში ეჭვი! სტრასბურგის სასამართლო არავითარ შემთხვევაში არ ჩადგება თავის მართლების პოზიციაში და გამოსარკვევია, ვიღაცამ ან რაღაცამ ხომ არ მიაღებინა მორიგე მოსამართლეს მსგავსი ნაჩქარევი გადაწყვეტილება?
დოკუმენტს მდივან-რეფერენტის ხელმოწერა ახლავს და არა მოსამართლის. სტრასბურგის სასამართლოში ეს გადაწყვეტილება მიიღო მეოთხე განყოფილებამ, სადაც ავადსახსენებელი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია მუშაობს!
სტრასბურგის სასამართლომ ძალიან კარგად იცის, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება ქართული მართლმსაჯულების მიერ შესაძლოა, იგნორირებული იყოს!" - ამბობს ფოფხაძე.
როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს უნდა მოსთხოვოს იმის დასაბუთება, თუ რატომ განიხილა ორ კომერსანტს შორის დავა.
„თუ საქართველოს მთავობა კარგ ადვოკატს აიყვანს, ჩვენი იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგს კონტრსარჩელით მიმართავს და მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, სტრასბურგი ვალდებული გახდება, საქართველოს ხელისუფლებას უპასუხოს!", - აცხადებს გიორგი ფოფხაძე.