ავტორი სალომე უერთაშვილი
„დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. „ციანიდის საქმეზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბრძოლა საპატრიარქოს ტახტისთვის. მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შეძლებს, ამ რთულ სიტუაციასაც გაუმკლავდეს და უფრო მეტად გაძლიერდეს.
„რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ჩვენ ჯერჯერობით არ ვფლობთ, ვიცით მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებები, გარკვეული ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, ბრალდებები და ა.შ. რაც შეეხება რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას, მე ველოდები, რომ დაკავებული დეკანოზი მამალაძე დაიწყებს საუბარს და გარკვეულწილად ძალიან ბევრ ინფორმაციას მისი საუბრიდან მივიღებთ. ჩვენებიდან გამომდინარე შეგვეძლება, უფრო მეტ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავაკეთოთ ანალიზი.
ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ძალიან სამწუხაროა, მე ეს ძალიან მტკივა და მწყდება გული, რომ მიმდინარეობს გაქანებული, დაუნდობელი ბრძოლა საპატრიარქო ტახტის დასაუფლებლად. შიდა კულუარული პრობლემები არსებობს საპატრიარქოში და ამის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც შიგნით იხარშებოდა და გარეთ, ასე ვთქვათ, ღიად არ გამოდიოდა. ახლა კი გამოვიდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს იმ უზარმაზარი ნდობისა და მნიშვნელობის მქონე ინსტიტუტს, როგორიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა, აზარალებს. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფრო რთულ სიტუაციაში ყოფილა და გამოსულა აქედან ღირსეულად და კიდევ უფრო გაძლიერებულა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ჩაიწერება, როგორც ნათელი მაგალითი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქედან ჩვენი ეკლესია უფრო გაძლიერებული გამოვა", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.