ავტორი სალომე უერთაშვილი
„ქრისტიანობა არ არის მონობისა და ყრუ, უგუნური მორჩილების რელიგია. ქრისტიანობა - ეს არის თავისუფლების, სიყვარულისა და ვაჟკაცობის რელიგია", - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ე.წ. ციანიდის საქმეზე და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.
„ფარულ ჩანაწერებს გავეცანი და კითხვები ნამდვილად არ მომეხსნა. არ ვთვლი, რომ ამ ჩანაწერებით ჩვენ წინ წავედით. აქ რამდენიმე ისეთი თემაა, რასაც შეიძლება შევეხოთ. პირველი, მაგალითად ჟარგონული გამონათქვამები, რა თქმა უნდა, ეს უსიმპატიოა, არ შეიძლება, რომ სამღვდელო პირი ასეთი მეტყველებით გამოდიოდეს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი თბილისში იყენებს ამ სლენგს და ჟარგონს, გამოდის, ყველა დასაჭერი ყოფილა, „დასაბრედია" და ასეთი რაღაცები, ამიტომ ამას ალბათ ანგარიში უნდა გაეწიოს.
მაგრამ, ეს საკითხი ისე დგას, რომ გიორგი მამალაძე თავს ვერ დააღწევს სასამართლოს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სადაც თითოეულმა მოსამართლემ არგუმენტირებულად უნდა თქვას, რატომ მიაჩნია, ან რატომ არ მიაჩნია ის დამნაშავედ. ამ შემთხვევაში, ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა გამსახურდიამ.