logo_geo
eng_logo
ნორა კვიციანი-არღვლიანი: სააკაშვილს, რომელმაც ციხეში სიკვდილისთვის გამწირა, ხანგრძლივი პატიმრობა მოელის!
- +

10 მარტი. 2017. 17:17


„მე უკვე თავისუფალი და რეაბიტილირებული ვარ, სააკაშვილს კი, რომელმაც ციხეში სიკვდილისთვის გამწირა, ხანგრძლივი პატიმრობა თავად მოელის!" - ამის შესახებ საააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარმა ნორა კვიციანი-არღვლიანმა „ასავალ-დასავალთან" განაცხადა და დაკავების მიზეზებზე ისაუბრა.


„სააკაშვილის რეჟიმს კოდორის ხეობის რუსებისთვის ჩაბარების განზრახვა ჰქონდა, რასაც პატრიოტული ლოზუნგებით ფუთავდა. იმ პერიოდში მშობლიური სოფლის ჩხალთის გამგებელი გახლდით. ჩემი ძმა კი ბატალიონ „მონადირის" მეთაური იყო. ემზარ კვიციანისა და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტოების დანაყოფები კოდორის ხეობაში შემოვიდნენ. ფაქტობრივად, რეჟიმმა საკუთარ ხალხს შეიარაღებული ძალები შეუსია. შეიარაღებული დაპირისპირება რომ აერიდებინა, ემზარი იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. რეჟიმს ხელთ მე და ჩემი ნათესავები შევრჩით. ემზარზე ზემოქმედების მიზნით კოდორის ხეობის დაკავებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს სრულიად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს.

 

რეჟიმის ოფიციალური ვერსიით, ჩემი დაპატიმრება თითქოს მას მერე გადაწყდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღეს. არადა, ახალი სასამართლო გამოძიებით უკვე დადგინდა, რომ ბინაში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა.

 

ბრალდების დამძიმების მიზნით, დამატებით წარმიდგინეს მითვისების ცრუ ბრალდებები. ამ ცრუ ბრალდებების საფუძველზე საკაშვილის რეჟიმის გისოსებში 6 წელზე მეტი გავატარე! ყველა ბედნიერებასთან ერთად რეჟიმმა უზარმაზარი ფულადი ჯარიმა - 75 ათასი ლარიც დამაკისრა. ციხიდან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში გავთავისუფლდი", - აცხადებს ნორა კვიციანი-არღვლიანი.


მან ცრუმოწმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ბოდიში მოუხადეს და დანაშაულიც აღიარეს.


„მაშინდელი ანტიტერორისტული სამმართველოს წარმომადგენლებმა ლაურა მაკარაძემ და ბესო წულაიამ აღიარეს, რომ ჩემს მიმართ ცილისწამება ზემდგომებმა მუქარითა და შანტაჟით აიძულეს. კიდეც დაასახელეს მათი გვარები! ბოდიში თავჩაღუნულებმა მოიხადეს. ამბობდნენ, ბედნიერები ვართ, რომ ცილისწამების ტვირთი მოგვეხსნაო. მე კი, ბედნიერად ვიგრძენი თავი, ქრისტიანულად მიტევების საშუალება რომ მომცა უფალმა!" - აღნიშნა კვიციანი-არღვლიანმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner