საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი წარადგინა და კანონპროექტში არსებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
„პირველი ეს არის მართვის მოწმობის ტესტის გადატანა თეორიულ გამოცდასთან ერთად რეალურ მოძრაობაში, ეს არის უკეთესი საშუალება, რომ მძღოლების საწყისი კვალიფიკაცია გაიზარდოს და ჩვენი საქართველოს სახელმწიფოს სახელით გაცემული მართვის მოწმობა გახდეს კიდევ უფრო სანდო და საიმედო.
მეორე, ეს არის ქულების სისტემა. ქულების სისტემა არის აპრობირებული და საუკეთესო პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში. მისი მიზანია, რომ გადახდის უნარიანობის მიუხედავად, ის მძღოლები, რომელთათვისაც საკმარისია ფულადი ჯარიმა და ის მძღოლები, რომლებიც ადვილად იხდიან ჯარიმებს ყოველ ჯერზე და აგრძელებენ საგზაო მოძრაობის წესების უგულებეყოფას, ჩადგნენ თანაბარ პირობებში და მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ ქულების სისტემით, ქულების ამოწურვის შედეგად მათ შეუჩერდებათ მართვის მოწმობა. მინდა განვმარტო, ქულების სიტემა მუშაობს იმ შემთხვევაში, როცა საპატრულო პოლიცია პირადად აჯარიმებს მძღოლს.
მესამე ეს არის ადმინისტრირების გამკაცრება იმ ძირითად მიზეზებზე, რაც არის გზებზე სიკვდილიანობის, ტრავმატიზმის და ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი, ეს არის მართვა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა, რომ გამკაცრდეს რეგულაცია ამ მიმართულებით. ასევე, ეს არის მანევრირების წესების დარღვევა, რომელიც ასევე სერიოზულ და მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევებში", - განაცხადა თალაკვაძემ.