logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: შესაძლოა, აფხაზეთში ვითარება საჩვენოდ შემოტრიალდეს!
- +

11 მარტი. 2017. 16:25


 


ექსაპერტმა ვახტანგ მაისაიამ „ასავალ-დასავალთან" აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლის თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესული და იქიდან გამოსული საავტომობილო ტვირთები, რომლებიც მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის ჩრდილოეთით გაივლიან, შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლებმა უნდა გააკონტროლონ.



„სატრანზიტო ტვირთიდან საქართველო, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფინანსურ შემოსავლებს მიიღებს და შესაძლოა, ჩვენმა ეკონომიკამაც ხეირი ნახოს. გარდა ამისა, სოხუმსა და ცხინვალთან სატრანსპორტო კორიდორების გახსნა ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიებსა და მათ მოსაზღვრე რაიონებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, რასაც აუცილებლად მოჰყვება ადამიანური ურთიერთობების გაღრმავებაც, როგორც ეს ხდებოდა 2006 წლამდე, სანამ სააკაშვილის ხელისუფლება ერგნეთისა და რუხის ბაზრობებს დახურავდნენ.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მოსახლეობას ოკუპირებულ რეგიონებში  მცხოვრებ თანამემამულეებთან კონტაქტი თითქმის სრულად შეწყვეტილი აქვს, არადა, ადამიანური ურთიერთობები, სახალხო დიპლომატია კონფლიქტების მოგვარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

 

ოკუპირებულ ტერიტორიებთან  სატრანზიტო კორიდორების გახსნა არანაირად არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარებას, რადგან ტვირთებზე მონიტორინგს განახორციელებენ, ანუ, ფაქტობრივად, მებაჟეების ფუნქციას შეასრულებენ არა რუსეთის ან სეპარატისტული მთავრობების, არამედ ნეიტრალური ქვეყნის - შვეიცარიის -  წარმომადგენლები, რაც საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ სოხუმი და ცხინვალი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

 

აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოსთვის ხელსაყრელი ვითარება მწიფდება!

 

აფხაზურ საზოგადოებაში გაჩნდა სეგმენტი, რომელიც რუსულ ოკუპაციასა და ანექსიას ეწინააღმდეგება. კერძოდ, სოხუმში ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „აინარი" , რომელიც ახალგაზრდა პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული და ისინი აფხაზური ნაციონალიზმის იდეას ავითარებენ, რითაც, პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ხდებიან საქართველოს მოკავშირეები რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

 

გარდა ამისა, აფხაზეთში დაბრუნდა და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო ალექსანდრე ანქვაბი, რომლის პროქართული განწყობაც საყოველთაოდ ცნობილია. იგი 2013 წელს დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან სწორედ იმიტომ გადააყენეს, რომ პროქართული სენტიმენტებით არის განსჭვალული.

 

დიდი ალბათობით, ალექსანდრე ანქვაბი, ასლან ბჟანიასთან ერთად, „ამცახარას" ლიდერი გახდება და არავინ იცის, აფხაზეთის მომავალ ე.წ.  საპარლამენტო არჩევნებში ძალთა გადანაწილება როგორ მოხდება.

 

საქართველოს ხელისუფლება გამჭრიახობას და პოლიტიკურ მარიფათს თუ გამოიჩენს, ნამდვილად არსებობს შანსი, აფხაზეთში ვითარება საჩვენოდ შემოტრიალდეს!

 

აფხაზ და ოს მემამულეებთან ურთიერთობების დათბობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რუხისა და ერგნეთის ბაზრობების აღდგენა თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფორმატში! დროა, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადადგას!" - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner