ავტორი სალომე უერთაშვილი
„ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება განსაზღვრავს კონკრეტულ პირებს, რომლებიც იყვნენ ინიციატორები და სულისჩამდგმელები იმ ბაკქანალიაზე, რაც ბათუმში ხდებოდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც კობალაძე აღნიშნავს, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა მოსახლეობა, რომ ქვეყანას ჰყავს კაცთმოყვარე ხელისუფლება. მისივე თქმით, ქვების გროვისა და სხვადასხვა საშუალების მობილიზება სპონტანურად არ ხდება, ამიტომაც არსებობენ სუბიექტები, რომლებიც მართავდნენ პროცესს.
„სხვადასხვა აზრი და სხვადასხვა მიმართულება მოვისმინე, მაგრამ ფაქტი არის ერთი, დამოუკიდებელი საქართველოს მთელი არსებობის განმავლობაში, მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან არ ყოფილა ასეთი რადიკალური და ძალადობისკენ მიმართული აქცია. დღევანდელმა დღემ დაანახა ყველას, ჩვენს საზოგადოებასაც და მსოფლიოსაც, რომ საქართველოს ჰყავს არა კაცთმოძულე, არამედ კაცთმოყვარე ხელისუფლება, რომელსაც პრიორიტეტად დასახული აქვს ადამიანის გამოხატვის უფლება, რომელიც არანაირად არ იზღუდებოდა, პირიქით, დიალოგის რეჟიმზე იყო გადასული, უბრალოდ, როდესაც ამ ყველაფერმა მიიღო აგრესიული, ვანდალური სახე, ამის შემდეგ, სახელმწიფოს სხვა არა დარჩენოდა რა, თუ არა, აღეკვეთა ეს ვანდალიზმი ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, ბათუმში. ისმოდა აბსოლუტურად გაუმართლებელი და აგონიური კუთხური გამოძახილები, რომელიც მოსატანი არ არის არავითარ მიმართულებაზე, პირიქით, კიდევ გეუბნებით, ჩვენ დავდივართ დანის პირზე და ნებისმიერ ქმედებას აქვს თავისი მომენტი და თავისი გაგრძელება, არ შეიძლება, ნებისმიერი თემით და საშუალებით ქვეყანაში არეულობა შემოვიტანოთ.
გამოძიება მიმდინარეობს, უბრალოდ, გარკვეული პოლიტიკური მიმართულების სუბიექტები გამოჩნდნენ, რომლებიც ცდილობდნენ თუ მართავდნენ ამ პროცესებს, ამაზე მიდის გამოძიება. არსებობს შესაბამისი დოკუმენტური მასალა, შესაბამისი დასკვნები და ამას ვუყურებდით ჩვენ. როდესაც ორგანიზებულად არის მოტანილი ქვების გროვა, ცეცხლის ალის გამომწვევი საშუალებები და ა.შ., ასეთი რამ სპონტანურად არ ხდება. მეორე მომენტია, საკმაოდ მძიმე რეგიონში გვიწევს ცხოვრება, გვიწევს ჩვენი სახელმწიფოებრიობის არამარტო შენარჩუნება, არამედ განვითარება და ცოტა უფრო ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტალურ საფუძვლებს", - განაცხადა კობალაძემ.